საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი - ტურნირის ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი - ტურნირის ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან

გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები – ქალთა კატეგორიაში პირველი ადგილი – ბრიტანელმა სპორტსმენმა, შარლოტ ბენქსმა, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან პირველი ადგილი კანადელმა სპორტსმენმა, ელიოტ გრონდინმა დაიკავა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით,  შეჯიბრის ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან.

„გუდაურის შეჯიბრის ორგანიზებით ძალიან კმაყოფილები ვართ. მეორე დღეც განსაკუთრებული აღმოჩნდა, ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან. ინფრასტრუქტურაც მშვენიერია. ყველა ძალიან მონდომებული და ენთუზიაზმით სავსეა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა გლობალურად მოხდა კავკასიონის თეთრი მთების პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა სეზონის საუკეთესო ღონისძიება იქნება”, – განაცხადა უვე ბეიერმა.

შეგახსენებთ, სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი 3-4 თებერვალს ჩატარდა. შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი კი ბაკურიანში, დიდველის არეალში 10-11 თებერვალს გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.