ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი ბელგიელი დავიდ გოფენი გახდა. მან საათი და 47 წუთი ბრძოლის შემდეგ, ტურნირის მეორე ნომერი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა – 2:6, 6:3, 6:4.
ფედერერმა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო, ძალიან კარგად დაიწყო შეხვედრა. პირველ სეტში მას ცხრა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ორი ბრეიკი შეასრულა და მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა.
მეორე სეტიდან თამაშის სურათი საერთოდ შეიცვალა. მომდევნო ორ სეტში ფედერერმა მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის გამომუშავება შეძლო და ვეღარ აიღო მეტოქის მოწოდება. გოფენსაც არ ჰქონდა ბევრი შანსი: მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, თუმცა ორი შანსი გამოიყენა – თითო პარტიაში თითოჯერ მოიგო მეტოქის გეიმი და ამან კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა.
გოფენი, ჯერჯერობით, ტურნირის მთავარი გმირია, რადგან ლონდონში მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები დაამარცხა – რაფაელ ნადალი (ჯგუფში) და როჯერ ფედერერი.
ბელგიელის მეტოქე ფინალში მოგვიანებით გაირკვევა, როცა მეორე ნახევარფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება.