„როიტერის“ ინფორმაციით, იემენში სამხედრო აღლუმზე თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა
იემენში სამხედრო აღლუმზე თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამბოხებულმა ჰუსიტებმა თავდასხმა ქალაქ ადენში, სამხედრო აღლუმის მსვლელობის დროს განახორციელეს. დაღუპულებს შორის არის სამხედრო მაღალჩინოსანი.
შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ხელისუფლების მოწყობილ აღლუმზე თავდასხმა საშუალო მანძილის მოქმედი ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს. ამბოხებულების განმარტებით, სამხედრო აღლუმს ხელისუფლება მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ოპერაციის მოსამზადებლად იყენებდა.
აღლუმზე თავდასხმის პარალელურად, ადენის სხვა რაიონში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა. რა დროსაც სამი ჯარისკაცი დაიღუპა.
იემენში სამოქალაქო დაპირისპირება 2014 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ერთმანეთს სახელისუფლებო ძალები და ამბოხებული შიიტი ჰუსიტები ებრძვიან, თუმცა მარიონეტულ ომში რეგიონში ორი წამყვანი ქვეყანა, საუდის არაბეთი და ირანი აქტიურად არიან ჩართულები. ამ ხნის განმავლობაში, სამოქალაქო დაპირისპირებას ოფიციალური მონაცემებით 10 ათასი ადამიანი შეეწირა. ქვეყანა კი, ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იმყოფება.