უკრაინის არმიამ რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა ხარკოვთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტი დოვგენკე და წინ მიიწევენ იზიუმის მიმართულებით, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩზე დაყრდნობით იუწყება.
მისივე თქმით, რუსეთის არმია უშედეგოდ ცდილობს უკრაინელების მიერ გათავისუფლებული ტერიტორიების ხელახლა დაკავებას.
არესტოვიჩი არ გამორიცხავს, რომ რუსული არმია იზიუმთან ალყაში მოაქციონ. გრძელდება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დონბასშიც, სადაც რუსები ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით განაგრძობენ შეტევას.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქში გააუვნებელყვეს ორი დივერსიული ჯგუფი. მათივე ინფორმაციით, რუსეთის არმია კვლავაც ხსნის ცეცხლს ქალაქ კრამატორსკის მიმართულებით.
ასევე, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთს კვლავაც ჰყავს მობილიზებული ძალები კურსკის და ბრიანსკის ოლქებში, საიდანაც საარტილერიო ცეცხლს ხსნის სუმის ოლქის მიმართულებით. რუსებმა ისევ მიიტანეს სარაკეტო დარტყმა ნიკოპოლზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გამოყენებული იყო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. მსხვერპლი არ არის. სამხრეთის მიმართულებით კი უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში შეძლეს რუსეთის არმიის კუთვნილი სარაკეტო კომპლექს „პანცირის“ , რამდენიმე ჯავშანმანქანის, ტანკისა და თვითმავალი ჰაუბიცის განადგურება. ლიკვიდირებულია 23 რუსი ჯარისკაცი.