„როიტერი“ - პერუს ქალაქ ხულიაკაში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
„როიტერი“ - პერუს ქალაქ ხულიაკაში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

პერუს სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხულიაკაში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის ორი მოზარდია. დაშავებული და ჰოსპიტალიზებულია, სულ მცირე, 38 პირი.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის, პედრო კასტილიოს გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ასევე ახალი პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს გადადგომა და საკონსტიტუციო ცვლილებები.

კასტილიო 18-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალი დასდეს ამბოხში მას შემდეგ, რაც მან კონგრესის უკანონოდ დათხოვნა სცადა.

ანტისამთავრობო გამოსვლები პერუში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. დემონსტრაციების დროს უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებებში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 34-ს შეადგენს.

პერუს ომბუდსმენის ოფისმა პოლიციას ძალის გამოყენებისას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდა და მომიტინგეთა გარდაცვალების საქმეების გამოძიების ჩატარება მოითხოვა. ამასთან, ომბუდსმენმა დემონსტრანტებს კერძო საკუთრებაზე თავდასხმებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების შეფერხებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენის ოფისი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მოგვარებას არა პოლიცია და შეიარაღებული ძალები, არამედ კონგრესი და ცენტრალური მთავრობა უნდა ეცადოს.