„როიტერი“ - ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი დაქირავებული მებრძოლები განთავსდნენ
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი დაქირავებული მებრძოლები განთავსდნენ უკრაინის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ოთხი წყაროდან სამი აცხადებს, რომ მათ შესთავაზეს დონბასში გამგზავრება. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ე.წ. რეკრუტერები არ ასახელებენ, თუ ვის წარმოადგენენ. სამიდან ორმა კონტრაქტორმა შეთავაზება მიიღო, მესამემ კი „როიტერთან“ განაცხადა, რომ დონბასში გამგზავრებაზე უარი თქვა.
„სრული ანშლაგია. აგროვებენ ყველას, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს“, – განუცხადა „როიტერს“ ერთ-ერთმა მებრძოლმა, რომელმაც დონბასში გამგზავრების შეთავაზება მიიღო. მისი თქმით, ის მანამდე იბრძოდა უკრაინასა და სირიაში რუსი კონტრაქტორების ჯგუფთან, რომელთა ოპერაციები მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებთან. დაქირავებული მებრძოლის თქმით, ის გეგმავდა სხვა მებრძოლებს შეერთებოდა სეპარატისტების მერ კონტროლირებადი ლუგანსკის რეგიონის საზღვარზე, რუსეთის მხარეს.
ერთ-ერთი კონტრაქტორი, რომელიც, „როიტერის“ ცნობით, უკვე ჩავიდა აღმოსავლეთ უკრაინაში, აცხადებს, რომ დაქირავებული მებრძოლების განთავსება თავდაცვითი მიზნებისთვის ხდება. მედიასაშუალების კიდევ ერთი წყარო კი ამბობს, რომ დაქირავებული მებრძოლების დონეცკში გაგზავნის მიზანია დივერსიული ქმედებები უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის.
კრემლში აცხადებენ, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ რუს სამხედრო კონტრაქტორებთან. დაქირავებული მებრძოლების საქმიანობას კრემლში აღწერენ როგორც მოხალისეობრივს და აღნიშნავენ, რომ მათ სახელმწიფოსთან კავშირი არ აქვთ.
„ჩვენ ამის შესახებ პირველად გავიგეთ და არ ვიცით, რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის რეგულარული ძალების ან სამხედრო მრჩევლების ყოფნას უარყოფს, რასაც ეწინააღმდეგება კიევი, რომელიც აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის არმიის დანაყოფებია განთავსებული.