აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, დონბასში, საომარი მოქმედებების დროს უკრაინის მხარეს მებრძოლი აშშ-ის ორი მოქალაქე დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, დონბასში, საომარი მოქმედებების დროს უკრაინის მხარეს მებრძოლი აშშ-ის ორი მოქალაქე დაიღუპა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, უკრაინის მხარეს მებრძოლი აშშ-ის ორი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც „სიენენი” წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა აშშ-ის მოქალაქეების ვინაობის გამხელაზე და მათი დაღუპვის გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი კონტაქტზე იმყოფება დაღუპულების ოჯახებთან და უზრუნველყოფს ყველა შესაძლო საკონსულო დახმარებას.

დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის ორ სხვა ტყვედ ჩავარდნილ მოქალაქესთან არსებულ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე კონტაქტზეა უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებასთან. მან მოუწოდა რუსულ მხარეს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და შესაბამისად მოეპყრას საომარი მოქმედებების დროს ტყვედ ჩავარდნილ ყველა პირს.