როგორი იყო დინოზავრების უკანასკნელი დღე - კრატერიდან აღებული ნიმუშები კატასტროფის ახალ დეტალებს ამხელს
როგორი იყო დინოზავრების უკანასკნელი დღე - კრატერიდან აღებული ნიმუშები კატასტროფის ახალ დეტალებს ამხელს

66 მილიონი წლის წინ, დედამიწას ერთი საშინელი დღე დაუდგა. თანამედროვე მექსიკის ქალაქ ჩისკულუბის სიახლოვეს, ზღვაში 81 კმ სიგანის ასტეროიდი ჩავარდა. ამ კატასტროფულმა მოვლენამ დედამიწაზე მაშინ არსებული სიცოცხლის 75 პროცენტი მოსპო.

ასტეროიდის დაცემის შედეგად წარმოქმნილ ჩისკულუბის კრატერში, ზღვის ფსკერიდან 500-1300 მეტრის სიღრმეში აღებული ქანების ნიმუშების გულმოდგინე შესწავლის შემდეგ, გეოლოგებმა გაარკვიეს, რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს.

ყველაფერი მართლაც ჯოჯოხეთს ჰგავდა. კატასტროფის მრავალ ნიშანს შეიცავს მეცნიერთა მიერ აღებულ ნიმუშებში არსებული გამდნარი ქანები და ნახშირი; უცნაურია, მაგრამ ნიმუშებში არ აღმოჩნდა გოგირდი.

ტეხასის უნივერსიტეტის გეოფიზიკოს სინ გულიკის განცხადებით, ნიმუშები საოცარ დეტალებში აღადგენს იმ პროცესებს, რაც ასტეროიდის დაცემის შემდეგ წარიმართა.

ასტეროიდმა წარმოქმნა რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ცუნამი, ამოტყორცნილი ქანები კრატერში უკან დაბრუნდა საოცარი სისწრაფით — ერთ დღეში დალექილია თითქმის 130 მეტრის სიმაღლის დეპოზიტები, რომლებმაც კრატერის მიდამოებში შეინახეს მონაცემები გარემოში არსებული იმ მდგომარეობის შესახებ, რაც ასტეროიდის დაცემიდან პირველი წუთებისა და საათების შემდეგ იდგა.

თავიდან, შეჯახებამ პლანეტა ცეცხლის ალში გაახვია. შემდეგ დედამიწა გაიყინა, რასაც მოჰყვა ცარცულ-პალეოგენური გადაშენება, რითაც დასრულდა ცარცული პერიოდი, ამოწყდნენ არამფრინავი დინოზავრები.

გულიკის თქმით, იმ დღეებში ყველა დინოზავრი არ მომკვდარა, მაგრამ გაწყდა საკმაოდ დიდი ნაწილი.

როგორც გამდნარი ქანები მიუთითებს, ასტეროიდის დარტყმას 10 მილიარდი ატომური ბომბის ძალა ჰქონდა, ცეცხლის ალში გაახვია ათასობით კილომეტრით მოშორებით არსებული ტყეები, წარმოქმნილმა ცუნამიმ კი თანამედროვე ილინოისის შტატამდე მიაღწია.

უკან დახევის შემდეგ, ცუნამიმ ახლად წარმოქმნილი კრატერისკენ წაიღო უამრავი მასალა, მათ შორის ქანები (რასაც მიუთითებს ნიადაგის სოკოებთან დაკავშირებული ბიომარკერები) და დამწვარი ხეების ნახშირი.

უშუალოდ ასტეროიდის დაცემას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა მიმდებარე ეკოსისტემებზე, მაგრამ პლანეტა დრამატულად ამის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა. ამაზე სწორედ ის მეტყველებს, რაც მკვლევრებმა კრატერში ვერ იპოვეს.

კერძოდ, საქმე ეხება იმას, რომ კრატერიდან აღებულ ნიმუშებში არ აღმოჩნდა გოგირდის შემცველი მინერალები, რომელთა არსებობას იქ ბევრი ვარაუდობდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დაცემისას ეს ქანები აორთქლდა, ატმოსფეროში გატყორცნა უზარმაზარი ოდენობის სულფატი აეროზოლები, სადაც ისინი მზის სინათლეს ბლოკავდნენ და რამაც შემდგომ წლებში დედამიწაზე ტემპერატურის დრამატული კლება გამოიწვია.

მკვლევართა გათვლების მიხედვით, ასტეროიდის დაცემის შედეგად ატმოსფეროში უნდა ამოტყორცნილიყო დაახლოებით 325 მილიარდი ტონა გოგირდი. ეს ოდენობა კი ოთხჯერ მეტია 1883 წელს ინდონეზიაში ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგად ამოტყორცნილ გოგირდზე; ამ ამოფრქვევამ დედამიწა მაშინ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გააგრილა.

მეცნიერთა აზრით, სწორედ ეს გოგირდი აღმოჩნდა ნამდვილი მკვლელი. ყველაფერი კიდევ უფრო კატასტროფული გახადა ასტეროიდის დაცემის შედეგად გააქტიურებულმა ვულკანებმა.

„ნამდვილმა მკვლელმა ატმოსფეროში დაიბუდა. ერთადერთი გზა, რასაც ასეთი გლობალური გადაშენების გამოწვევა შეუძლია, ატმოსფერული ეფექტია“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტეხასის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი სინ გულიკი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია utexas.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.