ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, თითქმის მთელ მსოფლიოში დახურულია სკოლები და სხვა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებები. ამასობაში, მშობლები და მასწავლებლები სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, როდესაც პატარა ბავშვები კორონავირუსის შესახებ ეკითხებიან. ნებისმიერმა დაუფიქრებელმა პასუხმა ამ დროს შეიძლება გამოიწვიოს შეცდომა, რომლის გამოსწორებაც ძალიან რთული აღმოჩნდეს.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც შეიძლება, საკმაოდ დაგეხმაროთ.
იყავით გულწრფელი. იყავით ადეკვატური
ხუთი წლის ტვინისთვის ძნელია გაერკვეს კლიმატურ მოდელებში, ეპიდემიოლოგიაში, პოლიტიკაში. თუმცა, ამ თემებზე თავის არიდება იქამდე, ვიდრე ისინი წამოიზრდებიან, მათ დიდ სარგებელს ვერ მოუტანს.
გადამწყვეტი ფაქტორია დავიწყოთ იქიდან, რაც მათ იციან და ეს ერთგვარ საძირკვლად გამოვიყენოთ. ნაცნობ გამოცდილებასა და ენაზე დავამატოთ ფაქტები და შესაძლებლობები, საუბრისას მივყვეთ მათ რეპლიკებს.
მონიკ რობინსონი ტელეთონის ბავშვების ინსტიტუტის ფსიქოლოგი და ბავშვების ჯანმრთელობის მკვლევარია. COVID-19-ის პანდემიის ნეგატიური ნაკადისგან ბავშვების დასაცავად მას რამდენიმე რჩევა აქვს.
„პატარა ბავშვებთან იყავით მარტივი, ცოტა უფროსებს კი მიაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, მაგრამ ყოველთვის შეინარჩუნეთ რაც შეიძლება მეტი პოზიტივი იმის შესახებ, თუ რას აკეთებს მსოფლიო ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად“, — ამბობს რობინსონი. იგი გვირჩევს, ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ ვრცელდება მიკრობები და როგორ შეიძლება ჰიგიენით მათი შეჩერება, სხვა დანარჩენი ამბები კი სწორედ ამას დავაფუძნოთ.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პოზიტივი
სოციალური მედიიდან არეულობის შესახებ მომდინარე მუდმივი ნაკადის, გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდისა და საშინელი მოლოდინის პროგნოზის ფონზე, ალბათ ყველა ვგრძნობთ პულსის მომატებას და ემოციების ზრდას.
ძნელია ამ ყველაფრისგა თავის არიდება. ემესიჯეთ კოლეგებსა და სხვა მშობლებს. თუმცა, როდესაც მათ თქვენი ბავშვების შესახებ უყვებით, გადამწყვეტია, რომ შეინარჩუნოთ პოზიტივი.
საუბარში იყავით პრაქტიკული, თავი შეიკავეთ სტიგმატიზაციისგან და მორალის ენისგან, განსაკუთრებით სხვა სოციალური და კულტურული ჯგუფების შესახებ საუბრისას.
„გაარკვიეთ, რა იციან მათ, დაუსვით ღია კითხვები და გაუქრეთ ნებისმიერი ზედმეტი შიში ან დეზინფორმაცია, რომელიც შეიძლება მათ ჰქონდეთ“, — ამბობს რობინსონი.
ეს არ ნიშნავს მათ შიშებზე აგრესიულ თავდასხმას. საპასუხოდ შეაგებეთ ყველა ის რეალური ქმედება, რასაც შესაბამისი უწყებები და საზოგადოებები აკეთებენ რისკების შესამცირებლად, პარალელურად შეინარჩუნეთ კონტროლის შეგრძნება და ოპტიმიზმი.
იყავით მისაბაძი. იყავით ვარსკვლავი
თუ სურათი ათას სიტყვა უდრის, ქმედება მილიონის ტოლფასია. უამბეთ ბავშვებს კარგი ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ და ამის მაგალითი თავად იყავით.
„მოზრდილ ბავშვებს ასწავლეთ მედიაწიგნიერება, როგორ მოიძიონ ინფორმაცია სანდო წყაროებში, რომელ წყაროს დაუჯერონ და როგორ ამოიცნონ ინფორმაცია, რომელიც მტკიცებულებებს არ ეფუძნება. Ეს სასარგებლოა მრავალი სხვა მიზნისთვისაც და არა მხოლოდ კორონავირუსის შემთხვევაში“, — ამბობს რობინსონი.
იყავით მოქნილი. იყავით ფრთხილად
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ჩვენ წინაშეა გაუქმებული არდადეგები, დაკეტილი სკოლები და სუპერმარკეტების ცარიელი თაროები, ზოგჯერ ვხედავთ პარკებისა თუ სკოლების დახურვის გამო შეცბუნებული ბავშვების სახეებსაც.
იმედგაცრუება ლეგიტიმური ემოციაა, არ აქვს მნიშვნელობა, რას ვკარგავთ. ამ დროს მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, როგორ შევეპსუხოთ და ვმართოთ ჩვენი მოლოდინები.
„სცადეთ, ნეგატივშიც დაინახოთ პოზიტივი – ხალხი ერთობლივად მუშაობს, ყველა ერთმანეთზე ვზრუნავთ, ვზრუნავთ ყველაზე მოწყვლად საზოგადოებაზე, რაც შეგვიძლია თავს ვიცავთ მიკრობებისგან“, — აღნიშნავს რობინსონი.
ზოგჯერ შეიძლება სამართლიანიც იყოს ჩვეულებრივი წეს-ჩვეულებების გადაფასება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. მართალია, მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრება შეძლებისდაგვარად ნორმალურ რეჟიმში შევინარჩუნოთ, მაგრამ საჭიროა ვიყოთ მოქნილი, გავახანგრძლივოთ ეკრანებთან გატარებული დრო ან ბავშვებისთვის ვიპოვოთ მეგობრებთან სოციალიზაციის ახალი გზები.
მათი შფოთვის, იმედგაცრუების და შიშის ნიშნების შემჩნევა ხან შეიძლება, არც ისე ადვილი იყოს. ყველა ჩვენგანი ემოციებს სხვადასხვაგვარად გამოვხატავთ და ამ მხრივ გამონაკლისი არც ბავშვები არიან.
დააკვირდით ცვლილებებს ჭამისა და ძილის ჩვევებში, განწყობის უცნაურ ცვალებადობას ან სოციალურ განმარტოებას. თუკი რაიმე ასეთ საეჭვოს შენიშნავთ, დაურეკეთ ექიმს ან მათ მასწავლებელს.
სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე ზოგადი წესი, რომელიც გეტყოდათ, რა უნდა უთხრათ თქვენს ბავშვებს.
და ბოლოს, ვერაფერს გავაკეთებთ იმაზე უკეთესს, რომ ვუთხრათ მათ, დახუჭონ თვალები და ჰქონდეთ იმედი. დაუჯერეთ ბავშვებს. ისინი იმაზე უდრეკნი არიან, ვიდრე გგონიათ.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.