როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.

„საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე იდენტიფიცირების მიზნებისთვის; რეგისტრატორს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე; გაიარეთ მარკირების პროცედურა; გააკეთეთ ხელმოწერა ამომრჩეველთა სიაში რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით; ამავე კალმისტრით ისარგებლეთ საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას; მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენები; ფარული კენჭისყრის კაბინაში გააკეთეთ არჩევანი და გადაკეცეთ ბიულეტენები ისე, რომ არ ჩანდეს ვის მიეცით ხმა;

გახსოვდეთ, ხმის მიცემა ფარულია – კაბინიდან გამოსვლის შემდეგ კონვერტში თავად მოათავსეთ ბიულეტენები; კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში; კალმისტარი დატოვეთ სპეციალურ კონტეინერში; კენჭისყრის შენობის დატოვებისას ისარგებლეთ გასასვლელში უზრუნველყოფილი სადეზინფექციო სითხით“, – აცხადებენ ცესკო-ში.