არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა
არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდებს უმასპინძლა. კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არჩევნების საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და ყველა იმ სიახლისა და მოვლენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024-2025 წლებში გამართულ საერთო არჩევნებზე, ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ასევე, მან დეტალურად ისაუბრა იმ საგანმათლებლო პროექტებზე, მათ შორის სასკოლო პროგრამებსა და საინფორმაციო კამპანიებზე, რომლებიც ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის გაძლიერებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვახორციელებთ შეხვედრებს ახალგაზრდებთან, ამ დღეს მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ დღეს ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ როგორც არჩევნების, ისე ამ პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ვაცნობთ იმ ინიციატივებს და პროექტებს, რომლებიც სწორედ ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებას ისახავს მიზნად. ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას დავანახოთ – არჩევნები არის არა მხოლოდ ტექნიკური პროცესი, არამედ დემოკრატიული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მათ აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაეცნონ საარჩევნო პროცესს და გააცნობიერონ საკუთარი როლი დემოკრატიულ ცხოვრებაში.

დღესვე ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიები გააცნო. მათ მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო აპარატების მუშაობა.

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან შეხვედრები რამდენიმე ეტაპად გაიმართა. ცესკო-ში ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლების შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით შედგა. ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართეს საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმაც თელავსა და ბათუმში.

არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.