ვოიაჯერ 1 დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ობიექტია, რომელიც ადამიანმა შექმნა. იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის გადაფრენის შემდეგ, ის ახლა ჩვენგან დაახლოებით 24 მილიარდი კილომეტრის მანძილზე, ვარსკვლავთშორის სივრცეში იმყოფება.
ვოიაჯერ 1-ს და მის ტყუპისცალს, ვოიაჯერ 2-, ე. წ. ოქროს ჩანაწერების სახით თან მიაქვთ კაცობრიობის მცირე ნაწილები.
ამ შეტყობინებებს შორის არის მისალმება 55 სხვადასხვა ენაზე, ბუნების ხმები და ფოტოები, მრავალი კულტურის ჩანაწერები და ფოტოები (მათ შორის ქართული სიმღერა „ჩაკრულოც“), წერილობითი მისასალმებელი გზავნილი ჯიმი კარტერისგან, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი იყო ხომალდების გაშვებისას, 1977 წელს.
ოქროს ჩანაწერები ისეა შექმნილი, რომ მილიარდ წელიწადს გაძლოს კოსმოსურ გარემოში. თუმცა, მარშრუტებისა და იმ საფრთხეების უახლეს ანალიზებში, რომლებსაც შეიძლება ეს ხომალდები გზაზე წააწყდეს — ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ მათ შეიძლება ტრილიონობით წელიწადს იარსებონ ისე, რომ არც ერთ ვარსკვლავს არ მიუახლოვდნენ.
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჯეიმს ედუარდ-ჰაჩინგსონმა მთელი თავისი კარიერა რელიგიისა და მეცნიერების სფეროში გაატარა. ახლახან, გამოცემა The Conversation-ში მან გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საუბრობს საკუთარ მოსაზრებებზე იმის შესახებ, როგორ იკვეთება სულიერი იდეები ტექნოლოგიურ მიღწევებთან. ჩვენი სტატია სწორედ მისი წერილის საფუძველზეა მომზადებული.
ხომალდ ვოიაჯერების წარმოუდგენელი დღეგრძელობა ცალსახად ხელშესახები საწყისი წერტილია უკვდავების შესახებ იდეების საკვლევად.
მრავალი ადამიანისთვის, უკვდავება არის სულის მუდმივად არსებობა სიკვდილის შემდეგ. ის ასევე შეიძლება ნიშნავდეს ვინმეს მემკვიდრეობის გაგრძელებას მეხსიერებაში ან ჩანაწერებში. ოქროს ჩანაწერების სახით, ასეთი მემკვიდრეობა ორივე ვოიაჯერს აქვს, მაგრამ მას მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი შორეულ მომავალში რომელიმე არამიწიერი ცივილიზაცია აღმოაჩენს და შეაფასებს.
სიცოცხლე და სიკვდილი
მრავალი და სხვადასხვანაირია რელიგიური რწმენები უკვდავების შესახებ. რელიგიათა უმეტესობა ითვალისწინებს სულის სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ, ვარსკვლავებს შორის მარადიული საცხოვრებლით დაწყებული, რეინკარნაციით დამთავრებული.
მრავალი ქრისტიანისა და მუსლიმისთვის იდეალური მარადიული სიცოცხლე არის სამოთხეში, ღმერთთან ერთად სამუდამოდ ყოფნა.
უფრო ნაკლებად მკაფიოა იუდაიზმის სწავლება იმის შესახებ, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ებრაულ ბიბლიაში მკვდრები უბრალო „ჩრდილები“ არიან ჩაბნელებულ ადგილსამყოფელში, რომელსაც შეოლს უწოდებენ. ზოგიერთი რაბინი აღიარებს მართალთა მკვდრეთით აღდგენას სულის მარადიულ სტატუსსაც კი.
უკვდავება მხოლოდ ინდივიდით არ შემოიფარგლება. შეიძლება ის კოლექტიურიც იყოს. მრავალი ებრაელისთვის, ისრაელის ხალხის საბოლოო ბედს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბევრი ქრისტიანი მოელის მომავალ ყველა გარდაცვლილის საყოველთაო აღდგომას და ღვთის სასუფევლის დადგომას მორწმუნეთათვის.
ჯიმი კარტერი, რომლის შეტყობინება და ავტოგრაფიც ოქროს ჩანაწერებშია უკვდავყოფილი, სამხრეთ ბაპტიზმის კონვენციის მიმდევარია და წარმოადგენს უკვდავების რელიგიური იმედის ცოცხალ მაგალითს.
კარტერი უკვე ას წელსაა მიღწეული, თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის და სიკვდილზეც ფიქრობს. დიაგნოზის გაგების შემდეგ, კარტერმა ქადაგებაში განაცხადა:
„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მოვკვდები თუ ვიცოცხლებ… ჩემი ქრისტიანული რწმენა მოიცავს გულისხმობს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სრულ ნდობას. შესაბამისად, სიკვდილის შემდეგაც ვაპირებ სიცოცხლეს“.
შეიძლება დავასკვნათ, რომ თუკი რომელიმე პოტენციური არამიწიერი ცივილიზაცია მილიარდობით წლის შემდეგ ოქროს ჩანაწერებს იპოვის და კარტერის ვინაობასაც დაადგენს, მას ეს ასევე შესთავაზებდა რაღაც მარგინალურ ნუგეშს.
კარტერის ცოდნა მისი საბოლოო დანიშნულების ადგილის შესახებ არის მისი სულის უკვდავების ღრმა რწმენის საზომი. ამ თვალსაზრისით, ის მრავალ მორწმუნე ადამიანს განასახიერებს.
სეკულარული უკვდავება
სეკულარული ან არარელიგიური ადამიანებისთვის სიკვდილის შემდეგ სულის არსებობაში მხოლოდ უმნიშვნელო ნუგეშია.
კარლ სეიგანი, რომელსაც ეკუთვნოდა ოქროს ჩანაწერების იდეა და მის შექმნასაც ხელმძღვანელობდა, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე წერს:
„არაფერი ვიცი, რათა ვივარაუდო, რომ ეს მეტი არაფერია, ვიდრე უბრალოდ სურვილი“.
მას უფრო მეტად აწუხებდა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების ვეღარ ნახვა — მაგალითად, საკუთარი შვილების ზრდის — ვიდრე მისი ცნობიერი მე-ს გაქრობა თავის ტვინის სიკვდილთან ერთად.
სეიგანის მსგავსი ადამიანებისთვის არსებობს უკვდავების სხვა შესაძლო ვარიანტები. მათ შორის არის სხეულის შენახვა და გაყინვა სამომავლო ფიზიკური აღდგენისთვის ან ცნობიერების ატვირთვა და ციფრულ ფორმად გადაქცევა, რომელიც თავის ტვინზე დიდხანს გაძლებდა.
ჯერჯერობით, ფიზიკური უკვდავების არც ერთი ეს გზა ხელმისაწვდომი არ არის.
ვოიაჯერები და მემკვიდრეობა
უმეტეს ადამიანს, მიუხედავად იმისა, ისინი რელიგიურები არიან თუ სეკულარულები, მოქმედება სიცოცხლეში სურთ, რათა სამომავლოდ უწყვეტი, ნაყოფიერი მემკვიდრეობა დატოვონ. ადამიანებს სურთ, ისინი ახსოვდეთ და აფასებდნენ. სეიგანმა ეს საკმაოდ ზუსტად გამოხატა:
„იცხოვრო გულებში, რომელსაც ჩვენ დავტოვებთ, ნიშნავს სამუდამოდ ცხოვრებას“.
მკვლევართა შეფასებით, ვოიაჯერ 1 და ვოიაჯერ 2 ტრილიონზე მეტ წელიწადს იარსებებენ და ფაქტობრივად ადამიანთა უკვდავი არტეფაქტები იქნებიან.
დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის შემდეგ, მზე საკუთარ საწვავს ამოწურავს და ჩაქრება, მაგრამ დედამიწაზე იქამდე დიდი ხნით ადრე გაქრება ყველა ცოცხალი სახეობა, მთები, ზღვები თუ ტყეები, მათი კვალიც კი, რადგან დაახლოებით ერთი მილიარდი წლის შემდეგ, მზის ზომაში მომატების გამო, ჩვენი პლანეტა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გახდება. ყველაფერი ისე იქნება, თითქოს ჩვენ და პლანეტა დედამიწის საოცარ, ექსტრავაგანტურ სილამაზეს არც არასოდეს უარსებია; ამაზე ფიქრიც კი ნამდვილად დამთრგუნველია.
თუმცა, შორეულ მომავალში კოსმოსში მაინც იფარფატებს ვოიაჯერის ორი ხომალდი, არამიწიერ ცივილიზაციათა მხრიდან აღმოჩენის მოლოდინში, ვისთვისაც არის განკუთვნილი ოქროს ჩანაწერები. მხოლოდ ეს ჩანაწერები დარჩება დედამიწის მემკვიდრეობის ერთადერთ მოწმედ, როგორც უკვდავების ერთ-ერთი სახე.
რელიგიურ ადამიანებს ნუგეშის პოვნა შეუძლიათ იმის რწმენით, რომ სიკვდილის შემდეგ მათ ღმერთი ან სიცოცხლე ელოდებათ. სეკულარული ადამიანებისთვის კი ასეთივე ნუგეშია ალბათ არის იმის იმედი, რომ ვიღაცას ან რაღაცას, რომელიმე არამიწიერ ცივილიზაციას კაცობრიობა ემახსოვრება, შეიტყობს და დააფასებს მათ ოდესღაც არსებობას.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.