როგორ მიიკლაკნება მზის ზედაპირზე გველის მსგავსი წარმონაქმნი — ახალი ვიდეო #1tvმეცნიერება
როგორ მიიკლაკნება მზის ზედაპირზე გველის მსგავსი წარმონაქმნი — ახალი ვიდეო #1tvმეცნიერება

მზის ახლო ორბიტაზე მოძრავმა ობსერვატორიამ გადაიღო კადრი, რომელშიც ისე ჩანს, თითქოს მზის ზედაპირზე გველი დასრიალებს.

თუმცა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) Solar Orbiter-ის მიერ შემჩნეული „გველი“ სინამდვილეში ახლად დაფიქსირებული კოსმოსური ფენომენია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მზის მასიურ ამოფრქვევასთან.

მოძრავი სტრუქტურა ორბიტერმა 5 სექტემბერს შენიშნა, როდესაც ის თავის ორბიტაზე ჩვენს ვარსკვლავთან ყველაზე ახლო წერტილისკენ, ანუ პერიჰელიონისკენ მიემართებოდა.

მიახლოებისას, Solar Orbiter-მა გადაიღო ჭავლური ხაზი, რომელიც მზის ზედაპირზე გადაადგილდებოდა. მზის მეცნიერთა განცხადებით, ეს გახლავთ პლაზმის ცივი მილი მზის ატმოსფეროში, გარშემო არსებულ ცხელ პლაზმაში, რომელიც მზის მაგნიტური ველებით არის შეკრული.

ვიდეოში ჩანს, როგორ მიიკლაკნება პლაზმა მზის ერთი გვერდიდან მეორისკენ, მიუყვება მზის მაგნიტური ველის ფილამენტს.

„საქმე ეხება პლაზმის დინებას ერთი გვერდიდან მეორისკენ, მაგრამ მაგნიტური ველი ნამდვილად გადაგრეხილია. შედეგად, ვიღებთ ცვლილებას მიმართულებაში, რადგან დაგრეხილ სტრუქტურას ქვემოდან ვუყურებთ“, — განმარტავს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტრონომი დევიდ ლონგი.

მზის მაგნიტური ველი ძლიერ რთული რამ არის, მისი ქცევის შესწავლა თანამედროვე ჰერაკლეს გმირობებს ჰგავს.

მზე

მზის ატმოსფერო მოიცავს დამუხტული ნაწილაკებისგან შემდგარ პლაზმას და ეს ნაწილაკები ადვილად ემწყვდევიან მაგნიტური ველებით.

სწორედ ამიტომ არის დამოკიდებული ბირთვული სინთეზის გენერატორები, მაგალითად, ტოკამაკები დამოკიდებული პლაზმის მომწყვდევაზე; ეს ასევე ნიშნავს იმასაც, რომ თუკი შეგიძლია სტრუქტურებს პლაზმაში მიჰყვე, საკმაოდ კარგი წარმოდგენა შეგექმნება იმის შესახებ, რას აკეთებს მაგნიტური ველები.

მზის გველის საშუალებით, ასტრონომებმა დაინახეს მაგნიტური ველის მოძრაობა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ის, რასაც იგი შორდება.

მზეზე ამ ფილამენტის გასრიალებიდან მალევე, მისი საწყის წერტილში კორონული მასის ამოფრქვევა მოხდა, რის შედეგადაც, პლაზმა კოსმოსში გაიტყორცნა.

როგორც წესი, ეს ამოფრქვევები მზის ლაქებთან არის დაკავშირებული, კონცენტრირებულ მაგნიტურ ველთა ხაზებთან მზეზე. მაგნიტური ველის ეს ხაზები იგრიხება, წყდება და ერთმანეთს ხელახლა უკავშირდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება კორონული მასის ამოფრქვევები, ზოგჯერ კი მზის ანთებებიც.

არ არის გამორიცხული, ეს „გველი“ რაღაცნაირად კავშირში იყოს Solar Orbiter-ს მიერ დაფიქსირებულ ერთ-ერთ უდიდეს ამოფრქვევასთან. შესაძლოა, ის ამოფრქვევის წინამორბედი იყოს. ხომალდი 2020 წლის თებერვალში გაუშვეს.

Solar Orbiter-ის შემდეგი პერიჰელიონი 2023 წლის აპრილში შედგება. მზის აქტივობა ზრდას განაგრძობს და მიემართება მისი აქტივობის 11-წლიანი ციკლის პიკისკენ; შესაბამისად, ეს პატარა ხომალდი მომდევნო წლებში კიდევ მრავალ საოცრებას გადაიღებს და გვაჩვენებს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.