ახალი კორონავირუსის პანდემიისას გამოიკვეთა ერთი უდავო ფაქტი — ფატალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხანდაზმულ ადამიანებშია, განსაკუთრებით კი სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე მოხუცებში.
ამ დროის მონაცემებით, ჩინეთში 80 წელს გადაცილებულ ინფიცირებულთა 15 პროცენტი გარდაიცვალა. 50 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ პროცენტზე დაბალია.
თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოხუცები კორონავირუსით ახალგაზრდებზე მეტად ინფიცირდებიან. სამედიცინო ექსპერტთა განცხადებით, ინფიცირების შემთხვევაში, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო მაღალია მწვავე, სიცოცხლისათვის საშიში დაავადების განვითარება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა კარგია. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ქრონიკულ დაავადებათა მქონე ხანდაზმულები. ექსპერტები ასეთ რისკს გარკვეულწილად უკავშირებენ ასაკთან ერთად შესუსტებულ იმუნურ სისტემას.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოხუცები და მათი ოჯახის წევრები გამალებით ცდილობენ გაერკვნენ, რა დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და ინფექციურ დაავადებათა მკვლევრები მთელი მსოფლიოდან, რამდენიმე საუკეთესო რეკომენდაციას იძლევა.
გაეცანით და მიჰყევით მითითებებს
გერიატრიის (გერონტოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს მოხუცებულობით გამოწვეულ დაავადებებს) სპეციალისტები თავიანთ პაციენტებს ურჩევენ გაითვალისწინონ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაციები — ხელების ხშირად დაბანა საპნითა და თბილი წყლით, სულ მცირე 20 წამის განმავლობაში ან გასუფთავება ალკოჰოლის შემცველი ხელის გელით; ხელის ჩამორთმევისგან თავშეკავება; დიდი შეკრებებისგან თავის არიდება; ხშირად შეხებადი საგნების წმენდა და დეზინფექცია; საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან და ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება.
ორეგონის ჯანდაცვისა და მეცნიერების უნივერსიტეტის გერიატრიის განყოფილების უფროსის, დოქტორ ელიზაბეთ ეკსტორმის განცხადებით, 80 წელს გადაცილებულ ადამიანთა უმეტესობას სულ მცირე ერთი ქრონიკული დაავადება აქვს, ზოგს გაცილებით მეტიც.
ხალხი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ თუ ქრონიკული დაავადება შესაბამისი მართვის ქვეშ არის, მათ საფრთხე არ ემუქრებათ. დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღება ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.
„ეს დაავადებები ახდენს ძირითადი რეზერვის ამოწურვას და იწვევს რთულ შედეგებს, როდესაც მოხუცები მძიმედ ავად ხდებიან; ამ დროს თითქმის ყველა ორგანო საფრთხის ქვეშაა“, — ამბობს ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი ანი ლეკტემაიერი.
მისი თქმით, მაგალითად, დიაბეტი ინფექციასთან ბრძოლას ართულებს, გულისა და ფილტვების ქრონიკულმა დაავადებებმა კი COVID-19-ის შემთხვევაში ამ ორგანოთა ფუნქციონირება კიდევ უფრო გაართულოს.
ექსპერტები მოხუცებს შვილიშვილების ნახვისგან თავშეკავებასაც ურჩევენ. გარდა ამისა, მოუწოდებენ თავი შეიკავონ ექიმთან გეგმიური ვიზიტებისგანაც, რის სანაცვლოდაც შესაძლებელია ექიმთან დისტანციური გასაუბრება, ვიზიტი კი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში.
სიფრთხილე სოციალურ იზოლაციასთან
ექსპერტები შიშობენ, რომ ეპიდემიის კონტროლის ქვაკუთხედმა — სოციალურმა დისტანცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სოციალური იზოლაცია, რაც მოხუცებისათვის ისედაც პრობლემაა. ერთ-ერთი უახლესი კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც 130 ქვეყნის მონაცემები შეისწავლეს, 60 წელს გადაცილებულ ადამიანთა 16 პროცენტი მარტო ცხოვრობს. მკვლევართა დასკვნით, მარტოობა თავის მხრივ შეიცავს ჯანმრთელობის გაუარესების რისკებს.
მარტოობის დასაძლევად, სპეციალისტები მოხუცებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ურჩევენ — ვიდეო თუ სატელეფონო ზარები შვილიშვილებთან, ახლობლებთან.
იყავით აქტიური
გერიატრიის სპეციალისტები შიშობენ, რომ სოციალურმა დისტანცირებამ შეიძლება იმოქმედოს ხანდაზმულების ყოველდღიურ რუტინაზეც. ამისათვის კი ურჩევენ მცირე ფიზიკურ ვარჯიშებს, შესაძლებლობის ფარგლებში, რამაც შეიძლება ორგანიზმის იმუნური სისტემაც გააძლიეროს და იქონიოს არაერთი მენტალური და ემოციური სარგებელი.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.