როგორ და რატომ წარმოიქმნება წვიმის სუნი – მკვლევართა ჯგუფმა ამ პროცესის უცნაური მიზეზი დაადგინა
თუ ქალაქგარეთ ცხოვრობთ, ალბათ თქვენთვის კარგად არის ცნობილი წვიმის დაწყებისას მშრალი მიწიდან ავარდნილი სუნი. შეიძლება არც იცით, მაგრამ ამ სუნს პეტრიკორი ჰქვია. ადამიანთა უმეტესობას ეს სუნი წარმოუდგენლად სიამოვნებს; როგორც ჩანს, არა მხოლოდ ადამიანებს. ცოტა ხნის წინ, ახალმა კვლევამ დაადგინა, რატომ გვიყვარს ეს სუნი ასე ძალიან.
ეს სუნი დგება მაშინ, როდესაც წვიმის წვეთები ორგანული ნივთიერება გეოსმინს ეცემა; გეოსმინს კი წარმოქმნიან მიკრობები, მათ შორის სტრეპტომიცეტების გვარის ბაქტერიები.
ცნობილია, რომ სტრეპტომიცეტები გეოსმინს სიკვდილის დროს გამოყოფენ; მისი სუნი კი ადამიანებსა და სხვა არსებებს განსაკუთრებით მოსწონთ. ჩნდება კითხვა — რატომ?
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა სცადა გაერკვია, რატომ წარმოქმნიან ბაქტერიები გეოსმინს და მოსწონდა თუ არა მისი სუნი ადამიანის გარდა სხვა რომელიმე არსებას.
„ნიადაგის ეკოსისტემების კონტექსტში გეოსმინისა და სტრეპტომიცეტების მიერ წარმოქმნილი სხვა აქროლადი ორგანული ნაერთების შესაძლო როლების შესასწავლად, ვცადეთ გაგვერკვია, იზიდავს თუ არა სტრეპტომიცეტების სახეობის სუნი ნიადაგის ბინადარ ფეხსახსრიანებს“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ კი. მინდვრის ტრაპების ქსელში, Streptomyces coelicolor ბაქტერიების კოლონიებში მათ უფრო მეტი ბოლოფეხიანები (უმდაბლესი ანუ უფრთო მწერების რიგი) იპოვეს, ვიდრე კონტროლირებად ტრაპებში.
ჯგუფმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა როგორც ველზე, ისე ლაბორატორიაში, რათა დაედგინა გეოსმინისა და კიდევ ერთი ნაერთის, სახელად 2-მეთილიზობორნეოლის (2-MIB) ეფექტი ტყის ბინადრებზე, განსაკუთრებით ბოლოფეხიანებზე. ნაყარ ფოთლებში და ტყის ნიადაგში ბინადარ ამ ციცქნა ფეხსახსრიანებს აქვთ კუდის მსგავსი წანაზარდი.
აღმოჩნდა, რომ ბოლოფეხიანები გეოსმინის დიდი მოყვარულები არიან. ამ სუნს ისინი საკუთარი საცეცებით შეიგრძნობენ, მასთან იკრიბებიან და ჭამენ მის წარმომქმნელ სტრეპტომიცეტ ბაქტერიებს.
თუმცა, საოცარი ის არის, რატომ უნდა ხარჯავდნენ ბაქტერიები ამდენ ძალისხმევას უბრალოდ იმისათვის, რომ ფეხსახსრიანებმა შეჭამონ? მართალია, კარგი სუნის გამოყოფა მტაცებლის მისაზიდად ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ სტრეპტომიცეტ ბაქტერიებს ამ საქმეში ნამდვილად სხვა გეგმა აქვთ.
სტრეპტომიცეტები მრავალი თვალსაზრისით სოკოების მსგავსად მოქმედებენ. ისინი ძალიან ჰგვანან სოკოს შემადგენელ ძაფებს, სახელად ჰიფებს; როდესაც ისინი გამრავლებისთვის მზად არიან, წარმოქმნიან სპორებს, რომელსაც შეუძლია, ახლად დაბადებული ბაქტერიები რაც შეიძლება ფართოდ და ვრცლად გაავრცელოს.
თუმცა, ამ გავრცელებისას მას სჭირდება მიმართულება და სწორედ ამ საქმეში ხდება საჭირო ბოლოფეხიანების ჩართვა.
„ბოლოფეხიანები სტრეპტომიცეტების კოლონიებით იკვებებიან და ამ დროს სპორებს ავრცელებენ როგორც ფეკალური წვეთების, ისე თავიანთ ჰიდროფობიურ აპკზე მიწებების გზით. შედეგები მიუთითებს, რომ გეოსმინისა და 2-MIB-ის წარმოება, სპორების წარმოქმნის პროცესის შემადგენელი ნაწილია; სპორების გავრცელებით, ნიადაგის ფეხსახსრიანები სტრეპტომიცეტების სასიცოცხლო ციკლს ავსებენ“, — განმარტავენ მკვლევრები.
შემდეგ ჯერზე, როდესაც წვიმის სუნს შეიგრძნობთ, შეგიძლიათ გაიხსენოთ და გაოცდეთ იმ ფაქტით, რომ სუნი, რომელიც თქვენ გცემთ, რომელიღაც ციცქნა არსებების მთელ სასიცოცხლო წრეს წარმოადგენს.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.