ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჭირის ვაქცინა შექმნა და ადამიანებზე კლინიკურ ცდებს იწყებს — #1tvმეცნიერება
ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჭირის ვაქცინა შექმნა და ადამიანებზე კლინიკურ ცდებს იწყებს — #1tvმეცნიერება

ოქსფორდის უნივერსიტეტმა კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი მტრის, ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდების პირველი ფაზა დაიწყო; ვაქცინა ეფუძნება ტექნოლოგიას, რომელიც დღეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება.

მკვლევრებს ჩვენი დახმარებაც სჭირდებათ: აგროვებენ მოხალისეებს, რომლებიც მზად არიან, მეცნიერების სახელით გაიკეთონ ახალი ექსპერიმენტული ვაქცინა.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ისეთი ისტორიული აფეთქებებით, როგორიც იყო შავი ჭირი, რომელმაც 1300-იან წლებში ევროპის მოსახლეობის თითქმის ნახევარი შეიწირა, ჭირი დღემდე უტევს აფრიკის გარკვეულ ნაწილებს და ზოგჯერ სხვაგანაც ვრცელდება. წინა კვირაში, აშშ-ში ჭირის გართულებებით 10 წლის ბიჭი დაიღუპა.

ჭირის დაავადებას იწვევს ბაქტერია, სახელად ჭირის ბაცილა (Yersinia pestis), რომელიც ადამიანებში ცხოველებიდან რწყილებს გადმოაქვთ და შემდეგ, სხეულის დაბინძურებული სითხეებითა და სხვა მასალებით ვრცელდება. სათანადო დახმარების გარეშე, ეს საზარელი დაავადება შეიძლება სწრაფად გახდეს სასიკვდილო, სიკვდილიანობის ას პროცენტამდე მაჩვენებლით, რაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დააინფიცირებს ის სხეულს.

იწყება გრიპის მსგავსი სიმპტომებით — ცხელებით, შეციებით, ყრუ ტკივილითა და დაღლილობის შეგრძნებით; ყველაზე გავრცელებული ფორმა კი ლიმფური კვანძების ანთებასა და ტკივილში პროგრესირდება, რასაც ბუბონებს უწოდებენ. სწორედ აქედან მოდის ტერმინი ბუბონური ჭირი.

ბაქტერია ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში მრავლდება, იწვევს სეპტიცემიურ ჭირს, რასაც შეიძლება თან ახლდეს ღებინება, ფაღარათი, სისხლდენა და განგრენა.

ჭირის ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ფორმაა პნევმონიური ჭირი, როდესაც ბაქტერია Y. pestis-ი ადამიანის ფილტვებში იბუდებს, რაც ინფექციის ყველაზე სახიფათო ფორმაა და შეუძლია სწრაფად პროგრესირება, სუნთქვის უკმარისობისა და შოკის გამოწვევა ინფიცირებიდან ორ დღეში.

1990-იანი წლებიდან, ჭირის შემთხვევების რაოდენობა 25 ქვეყანაში გაიზარდა. 2010-2015 წლებში მსოფლიოში 3248 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 584 ადამიანი. 2017 წელს მადაგასკარზე გავრცელებისას დაინფიცირდა 2119 ადამიანი, საიდანაც 171 დაიღუპა.

ჭირის მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი გზა ანტიბიოტიკების გამოყენებაა და შესაბამისად, კრიტიკულად გადამწყვეტია სწრაფი დიაგნოზი, განსაკუთრებით პნევმონიური ფორმისას. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის.

„მართალია, ჭირის მკურნალობისას შესაძლებელია ანტიბიოტიკების გამოყენება, მაგრამ გავრცელების ბევრი ზონა საკმაოდ მიყრუებულია და ასეთ ადგილებში, ეფექტიანი ვაქცინა დაავადებასთან ბრძოლის წარმატებულ სტრატეგიას მოგვცემდა“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგი კრისტინ როლიერი.

ოქსფორდის ვაქცინების ჯგუფმა, მოდიფიცირებული ადენოვირუსით (გაციების ვირუსი) შიდაკუნთოვანი ვაქცინა შექმნა; ეს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ვეღარ მრავლდება, ზუსტად ისე, როგორც AstraZeneca-სთან ერთად COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინის შემთხვევაში.

ვირუსს ორგანიზმში შეაქვს ბაქტერია Y. pestis-ის ცილის გენეტიკური კოდი, რომელიც მისთვის გადამწყვეტია ჩვენი დაინფიცირებისთვის; შედეგად, ჩვენი იმუნური სისტემა მის ამოცნობას სწავლობს, ზუსტად ისე, როგორც COVID-19-ის ვაქცინების სამიზნეა კორონავირუსის წვეტი ცილები.

ამ ეტაპზე, ჭირის ვაქცინა მხოლოდ ლაბორატორიაშია ცხოველებზე შემოწმებული, მაგრამ შედეგები საკმაოდ იმედისმომცემია.

ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, გვერდით ეფექტებს შორის შეიძლება იყოს ადგილობრივი ტკივილი, იშვიათ შემთხვევაში კი ალერგიული რეაქციებიც. თუმცა, კლინიკური ცდების ყველა მონაწილეს დეტალურად დააკვირდებიან, განსაკუთრებით ვაქცინაციიდან პირველ კვირაში.

მკვლევართა განცხადებით, გვერდით ეფექტთა უმეტესობა დროებითი უნდა იყოს, მაგრამ უიშვიათეს შემთხვევებში შეიძლება იყოს უფრო სერიოზული გართულებებიც, როგორც ვირუსზე დაფუძნებული სხვა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში.

ერთწლიანი კვლევისათვის, მკვლევართა ჯგუფი ეძებს 18-დან 55 წლამდე ჯანმრთელ მოხალისეებს, რომლებსაც ანაზღაურების სახით 880 დოლარს გადაუხდიან.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.