როგორ ჭამს შავი ხვრელი ვარსკვლავს - დაფიქსირებულია უიშვიათესი კოსმოსური მოვლენა
18:53, 27.09.2019
სუპერმასიური შავი ხვრელი ხშირად წარმოგვიდგენია, როგორც უზარმაზარი გრავიტაციული მორევი, რომელიც გამხეცებული ანადგურებს ვარსკვლავებს, მაგრამ სინამდვილეში, ეს არც თუ ისე ხშირად ხდება. მაგალითად, ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელი ამას მხოლოდ 100 000 წელიწადში ერთხელ აკეთებს.
შესაბამისად, ასტრონომებს ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ ამ პროცესის უშუალო შედეგებს დააკვირდნენ. ახალი დაკვირვებების ფარგლებში, ასტრონომები სწორედ ამის მომსწრე გახდნენ.
პროცესზე დაკვირვებების დაწყება უკვე შესაძლებელია მრავალი ტელესკოპით, რამაც შეიძლება, დიდი ოდენობით ახალი ინფორმაცია მოგვაწოდოს სუპერმასიურ შავ ხვრელთა მიერ ვარსკვლავთა შთანთქმის შესახებ. ამ მოვლენას ასტრონომები გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენას (TDE) უწოდებენ.
გრავიტაციული დაფლეთვის ეს კონკრეტული მოვლენა მოხდა დედამიწიდან დაახლოებით 375 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკა 2MASX J07001137-6602251-ში. მის შავ ხვრელს, რომელმაც ვარსკვლავი გაანადგურა, ჩვენს მზეზე 6,3 მილიონჯერ მეტი მასა აქვს. შედარებისათვის — ირმის ნახტომის ცენტრალურ შავ ხვრელს, მშვილდოსანი A*-ს დაახლოებით 4 მილიონი მზის მასა აქვს.
აქვე შეგახსენებთ იმას, რომ ეს მოვლენა სინამდვილეში 375 მილიონი წლის წინ მოხდა, მაგრამ მისმა სინათლემ ჩვენამდე მხოლოდ ახლა მოაღწია. შესაბამისად, ასეთ მოვლენებზე აწმყო დროში ვსაუბრობთ.
გრავიტაციული დაფლეთვის ეს მოვლენა ცის იმ ციცქნა მონაკვეთში მოხდა, რომელსაც ნასას პლანეტებზე მონადირე ტელესკოპი TESS-ი აკვირდებოდა.
როცა TESS-მა ცაში შენიშნა რაღაც, რომლის სიკაშკაშეც თანდათან იმატებდა, ასტრონომებმა შესაბამისი ზომები მიიღეს და იმ მიმართულებით რამდენიმე სხვა ტელესკოპი მიმართეს.
სულ მალე, მკვლევრები დარწმუნდნენ, რომ აკვირდებოდნენ სუპერმასიური შავი ხვრელის მიერ დაჭერილ ვარსკვლავს, რომელსაც ის გამალებით ანადგურებდა. მსხვერპლის მასა ჯგუფს ჯერ არ დაუდგენია, მაგრამ მოვლენა იმდენად ენერგიული იყო, რომ წარმოქმნილი სინათლე მზის მაგნიტუდას 10-ჯერ აჭარბებდა, მასპინძელი გალაქტიკისას კი ოთხჯერ.
ყველაზე ამაღელვებელი კი ის არის, რომ ასტრონომთა ჯგუფი სინათლის პიკს დაწყების მომენტიდანვე დააკვირდა, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
ამ დრომდე, სიკაშკაშის პიკის მიღწევამდე დაფიქსირებულია 4-5 გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასტრონომებმა მასზე დაკვირვება უფრო ადრეული მომენტიდან შეძლეს.
ეს კონკრეტული მოვლენა, სახელად ASASSN-19bt — TESS-მა პირველად 2019 წლის 29 იანვარს დააფიქსირა. სინათლე მასპინძელი გალაქტიკის ცენტრალური რეგიონიდან მოდიოდა. 31 იანვარს, მკვლევართა ჯგუფი რეგიონს ჩილეში მდებარე ტელესკოპ მაგელან-კლაის გამოყენებით დააკვირდა.
დადგინდა, რომ სავარაუდოდ საქმე ეხებოდა გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენას და დაკვირვებები განაგრძეს. ცის ამ მონაკვეთისკენ სხვადასხვა დიაპაზონში მომუშავე რამდენიმე უმძლავრესი ტელესკოპი მიმართეს.
ASASSN-19bt-მა სიკაშკაშის პიკს 2019 წლის 4 მარტს მიაღწია. ჯგუფმა დაკვირვებები კიდევ ერთ თვეს განაგრძო და დიდმა სიურპრიზმაც არ დააყოვნა.
ნასას სვიფტის ტელესკოპმა გაარკვია, რომ აღმოჩენიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, გრავიტაციული დაფლთვის მოვლენა მნიშვნელოვნად გამკრთალდა და გაცივდა. ასეთი რამ ასტრონომებს მანამდე არასოდეს ეხილათ, რადგან როგორც წესი, პიკის მიღწევამდე, სიკაშკაშე სტაბილურად იმატებს, უცვლელი რჩება ტემპერატურაც.
თუმცა ამ შემთხვევაში, სიკაშკაშე და ტემპერატურა მნიშვნელოვნად დავარდა იქამდე, ვიდრე სხვა ასეთი მოვლენების დროს შემჩნეულ ეტაპს მიაღწევდა. მკვლევართა განცხადებით, ასეთი რამ შეიძლება საკმაოდ ხშირიც იყოს, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცოდეთ.
გარდა ამისა, მასპინძელი გალაქტიკა უფრო ახალგაზრდა და მტვრიანია, ვიდრე სხვა გალაქტიკები, რომლებშიც ასეთი მოვლენები შეგვიმჩნევია. პიკის მიღწევისას კი, სიკაშკაშე საკმაოდ სუსტად გაიზარდა — ასეთი რამის მომსწრე ასტრონომები პირველად გახდნენ.
კარნეგის ცენტრის ასტრონომის, ტომ ჰოლოიენის განცხადებით, გამოსხივება მომდინარეობს შავი ხვრელის სიახლოვიდან, დაახლოებით იმ მანძილიდან, რითაც დედამიწა ან მარსია დაშორებული მზიდან.
მკვლევართა ჯგუფი ASASSN-19bt-ის კვლევას აგრძელებს და შედეგებს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. ეს იქნება გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენის ყველაზე სრული და ყოვლისმომცველი კვლევა.