როგორ ახდენენ თევზები შორეული, იზოლირებული ტბების კოლონიზებას — #1TVმეცნიერება
როგორ ახდენენ თევზები შორეული, იზოლირებული ტბების კოლონიზებას — #1TVმეცნიერება

დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა, როგორ ახერხებდა ზოგიერთი თევზი არასტუმართმოყვარე, მშრალი ტერიტორიით გარშემორტყმული იზოლირებული ტბებისა და ტბორების კოლონიზებას. რა თქმა უნდა, თევზი ხმელეთზე არ ამოდის და ახალი ტბებისკენ ასე არ მიემართება.

მიუხედავად ამისა, თევზები მაინც ახერხებენ მივარდნილ კრატერულ ტბებსა თუ უდაბნოს ტბორებში გავრცელებას. იქნებ ფრინველები ყრიან? თევზის ქვირითის სინაზე ბიოლოგებს აფიქრებინებდა, რომ ის ვერც ფრინველის საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრას გადაურჩებოდა. თუმცა, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ თევზის ქვირითის უდიდესი ნაწილი იხვის საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ვერ აღწევდა, მაგრამ 0,2 პროცენტი სკორესთან ერთად ჯერ კიდევ ცოცხალი გამოდიოდა.

ამ გზას ენდოზოოქორია (ცხოველის ნაწლავების საშუალებით მიმოფანტვა) ეწოდება და მცენარეთა თესლების ტრანსპორტირების საკმაოდ გავრცელებული გზაა; მსგავსი რამ ცნობილია რამდენიმე მწერის შემთხვევაშიც. პირველი მტკიცებულება, რომ ამის უნარი თევზსაც აქვს, შარშან იპოვეს, როდესაც პატარა სახეობის თევზების ქვირითი გედებს აჭამეს, მაგრამ გადარჩა.

თუმცა, ამ თევზების ქვირითი უჩვეულოდ უხეშია, შეუძლია თვეების განმავლობაში გადარჩეს მშრალ მიწაში, მიძინების რეჟიმში, იქამდე, ვიდრე უდაბნოს ტბორს წვიმა კვლავ ამოავსებს.

ფართოდ არის მიჩნეული, რომ ასეთ იზოლირებულ ადგილებში თევზის კვერცხები აღწევს ფრინველის ფეხებზე, ნისკარტსა და ბუმბულებზე მიკვრის გზით, მაგრამ არ არსებობდა ამის მტკიცებულება. ამ დრომდე არ ვიცოდით, რჩებოდა თუ არა ქვირითი ცოცხალი ფრინველის სხეულში.

ამ მოსაზრების შესამოწმებლად, უნგრეთში, დუნაის კვლევის ინსტიტუტის ბიოლოგმა ადამ ლოვას-კისმა და მისმა კოლეგებმა ტყვეობაში მყოფ რვა გარეულ იხვებს (Anas platyrhynchos) ორი სახეობის თევზის — ჩვეულებრივი კობრისა (Cyprinus carpio) და პრუსიული კობრის (Carassius gibelio) ქვირითი აჭამეს.

თითოეულ იხვს დაახლოებით 500 კვერცხი აჭამეს. საერთო ჯამში, სკორეში 18 კვერცხი გამოჰყვა, ცოცხალი მათგან 12 იყო, მაგრამ წარმატებით მხოლოდ სამი გამოიჩეკა.

მიუხედავად იმისა, რომ ალბათობა დაბალია, თუ გავითვალისწინებთ ყველა ხელმისაწვდომ ქვირითს და წყლის ფრინველს, რომლებიც მას ჭამენ, უკვე საქმეა. ერთი ჩვეულებრივი კობრი ქვირითობის ერთ სეზონზე დაახლოებით 1,5 მილიონ კვერცხს ყრის; წლის გარკვეულ ნაწილებში კი შესაძლოა, ქვირითი წყლის ფრინველების კვების რაციონის ას პროცენტს შეადგენდეს. მაგალითად, ერთი კვლევის დროს, დიდი პოლარული თოლიას (Larus hyperboreus) კუჭში თევზის 63 501 კვერცხი იპოვეს.

ჯგუფის განცხადებით, ორივე სახეობის თევზის ქვირითი ექსპერიმენტების დროს 75 პროცენტ შემთხვევაში გადარჩა.

აღსანიშნავია, რომ იმ კვერცხების უმეტესობას, რომლებიც სკორეში გამოჰყვა და ვერ გამოიჩეკა, ჰქონდა სოკოს ინფექცია. ეს ინფექცია დაფიქსირდა იმ საკონტროლო ქვირითშიც, რომლებიც იხვებს არ შეუჭამიათ.

სოკოები ქვირითზე სავარაუდოდ ექსპერიმენტის აღჭურვილობიდან მოხვდა, რაც ასევე დიდი პრობლემაა თევზების ხელოვნურად მოშენებისას; მკვლევართა აზრით, ველურ ბუნებაში ამ გზით გადატანილი უფრო მეტი ქვირითი უნდა გამოიჩეკოს.

კობრის კვერცხების უმეტესობას იხვის პირში მოხვედრიდან სკორეში გამოსვლამდე მხოლოდ ერთი საათი დასჭირდა. შესაბამისად, მკვლევართა გათვლებით, იხვების საშუალებით მათი გაფანტვის მანძილი დაახლოებით 60 კილომეტრია. თუმცა, ერთი კვერცხი 4-6 საათის შემდეგ გამოჰყვა და მანძილიც 360 კილომეტრამდე გაიზარდა.

ექსპერიმენტი მრავლისმთქმელია. კობრი ძლიერ ინვაზიური სახეობაა. ზოგიერთ ზონაში თევზების ბიომასის 80 პროცენტს კობრი შეადგენს, რითაც დიდ ზიანს აყენებენ სხვა სახეობის ადგილობრივ თევზებს.

ენდოზოოქორიის გზით კობრის გავრცელების უნარი, ისევე როგორც მათი შემგუებლობა მრავალი ტიპის გარემოსთან, დაგვეხმარება ავხსნათ მათი წარმოუდგენელი წარმატება ახალ მიწებზე შეჭრისას. ამას გარდა, ეს ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია მათი გავრცელების გასაკონტროლებლად.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.