მსოფლიოს მდინარეები სრულიად ჩახერგილია, თევზებს წასასვლელი აღარსად აქვთ
მსოფლიოს მდინარეები სრულიად ჩახერგილია, თევზებს წასასვლელი აღარსად აქვთ

წარმოიდგინეთ, რომ სასადილოდ მიდიხართ. გშიათ, დრო ცოტა გრჩებათ და არ უნდა დააგვიანოთ, მაგრამ გადიხართ გარეთ და პირობები არც ისეთია, როგორსაც ელოდით — ყოველ რამდენიმე ნაბიჯში აღმართულია მეტრიანი კედელი, რომელსაც უნდა გადაახტეთ.

რას იზამთ? ალბათ სადილზე უარს იტყვით და მშიერი დარჩებით.

სწორედ ასეთი სიტუაციაში არიან თევზები და წყლის სხვა ბინადარნი ევროპაში: ახალი კვლევის მიხედვით, კონტინენტის მდინარეები და ნაკადულები ყოველ ერთ კილომეტრში ჩახერგილია დამბებით ან სხვა ხელოვნური კონსტრუქციებით.

მონაცემები მკვლევრებმა ინტერნეტში შეაგროვეს, შემდეგ კი უშუალოდ ადგილებზე გავიდნენ და დაადგინეს, რომ ამ კონსტრუქციათა საერთო სიგრძე ჯამში 1000 კილომეტრამდეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მათ მიერ ნაპოვნი ბარიერები დაახლოებით სამჯერ დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ამას მონაცემთა ბაზებში შეტანილი ცნობები იუწყებოდა.

მკვლევრებმა შექმნეს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, განაახლონ ინფორმაცია მათ მიერ მდინარეებსა თუ ნაკადულებში ნანახი ბარიერების შესახებ.

თუმცა, მთავარი ისაა, რომ უკეთესი მონაცემები სულაც არაა ხსნა მომწყვდეული თევზებისთვის. პრობლემა ევროპის ფარგლებს სცდება.

მაგალითად, შევხედოთ მდინარე ამაზონს.

თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე წყალუხვ მდინარეზე ნაწილობრივ აშენებულია 142 კაშხალი, 160 კი უახლოეს ხანებში უნდა აშენდეს. შედეგად, გაქრობას დაიწყებენ მიგრირებადი თევზები. მსგავსი დამბებით უკვე გამომწყვდეულია არაერთი სახეობა.

პრობლემა ახალი როდია.

კომპიუტერულმა მოდელებმა აჩვენა, რომ მდინარეთა ფრაგმენტაცია პირდაპირ გადაშენებას იწვევს ჯერ კიდევ 2001 წლიდან. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ აშშ-ის ენერგიის ეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის ოფისის განცხადებით, ამ სიტუაციაში ყველაზე საუკეთესი გამოსავალი ე. წ. თევზების ზარბაზნების დამონტაჟებაა, რომლებიც მათ ბარიერის მეორე მხარეს გადატყორცნის.

მსგავსი ჩარევა თევზებს ალბათ დაეხმარება გადარჩენაში, მაგრამ საჭიროა, რომ აღნიშნულ მოწყობილობებში ისინი ადამიანებმა მოათავსონ.

მაგრამ ეს მეთოდი ვერ მოაგვარებს მდინარეთა ფრაგმენტაციით გამოწვეულ სხვა პრობლემებს, მაგალითად ცვლილებებს ამაზონის დაბლობებსა და დამბების მიმდებარე ზონებში.

მიუხედავად იმისა, რომ დამბების მშენებლობისას აგებენ სპეციალურ გასავლელ არხებს თევზებისთვის, უდიდესი ნაწილი მასში მაინც არ გადის.

ერთადერთი გამოსავალი, როგორც ჩანს, არის კაშხლების მშენებლობის შეწყვეტა.

მაგრამ ამ სტრუქტურების მიერ გამომუშავებული ენერგია ხშირად გამონაბოლქვისგან თავისუფალი ენერგიის გადამწყვეტი წყაროა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმებამ ინდუსტრიალიზაციისთვის სხვა გზა არ დაუტოვა.

კიდევ ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ამჟამად გამოუსადეგარი კაშხლების დემონტაჟი.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მდინარეთა ბარიერების საკმაოდ დიდი ნაწილი სრულიად მოძველებული და გამოუსადეგარია.

მიუხედავად ამისა, მრავალი დამბა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დღემდე მყარად ხერგავს მდინარეებს. ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება მათ დემონტაჟზე მუშაობს, მაგრამ ასეთი შემთხვევები უიშვიათესია.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.