როდის ცხოვრობდა დედამიწაზე უკანასკნელი ციმბირული „მარტორქა“ - აღმოჩენილია უზარმაზარი ჩონჩხი
როდის ცხოვრობდა დედამიწაზე უკანასკნელი ციმბირული „მარტორქა“ - აღმოჩენილია უზარმაზარი ჩონჩხი

ათწლეულების განმავლობაში, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ციმბირული მარტორქა — დიდი ხნის წინ გადაშენებულ ძუძუმწოვართა სახეობა, რომელიც უფრო მარტორქას ჰგავდა, ვიდრე ცხენს — დაახლოებით 350 000 წლის წინ ამოწყდა.

თუმცა, ყაზახეთში აღმოჩენილმა შესანიშნავად შენახულმა ჩონჩხმა ეს მოსაზრება სრულიად დაამხო. როგორც ჩანს, ეს გასაოცარი ქმნილებები 29 000 წლის წინაც ცოცხლობდნენ.

დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ მითიური მარტორქა ნამდვილად არსებობდა და დედამიწაზე რამდენიმე ათასი წლის წინ დააბიჯებდა. თუმცა, ის სულაც არ ჰგავდა თქვენი ბავშვობის წიგნებში დახატულ ზღაპრულ არსებებს.

ნამდვილი მარტორქა, Elasmotherium sibiricum-ი იყო ბანჯგვლიანი, უზარმაზარი და ჰგავდა თანამედროვე მარტორქებს, განსხვავდებოდა მხოლოდ იმით, რომ შუბლზე გაცილებით დიდი და მძლავრი რქა ჰქონდა.

ადრეული აღწერების მიხედვით, ციმბირული მარტორქის სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრი უნდა ყოფილიყო, სიგრძე 4,5 მეტრი, წონა კი დაახლოებით 4 ტონა.

შედეგად, იგი უფრო მამონტის ზომის იყო, ვიდრე ცხენის. მიუხედავად ძალიან შთამბეჭდავი ტანისა, დიდი ალბათობით, ეს მარტორქა ბალახისმჭამელი იყო.

შესაბამისად, ზუსტი სურათის დასახატად, წარმოიდგინეთ ბეწვიანი მარტორქა, რომლის სახესაც ამჟამინდელი მარტორქების მსხვილი, ჯმუხი რქისგან სრულიად განსხვავებული, უფრო გრძელი, მოხდენილი რქა ამშვენებს..

ახლად აღმოჩენილი ჩონჩხი, რომელიც გაცილებით კარგადაა შენახული, ყაზახეთის პავლოდარის რეგიონში იპოვეს. რადიონახშურბადული დათარიღების მეთოდის გამოყენებით, ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნამარხი 29 000 წლის წინანდელია

ჩონჩხის ზომასა და გარემო პირობებზე დაყრდნობით ირკვევა ისიც, რომ სავარაუდოდ, ის ძალიან ბებერი მამრი იყო, მაგრამ უცნობია სიკვდილის რეალური მიზეზი.

მთავარი კითხვა, რომელიც მეცნიერებს თავში უტრიალებს, არის ის, თუ როგორ გადარჩნენ ეს მარტორქები ამდენ ხანს მაშინ, როცა მათი სახეობა ათასობით წლით უფრო ადრე ამოწყდა.

„დიდი ალბათობით, დასავლეთ ციმბირის სამხრეთი ნაწილი ერთგვარი თავშესაფარი იყო, სადაც ეს მარტორქა ძალიან დიდხანს გადარჩა ცოცხალი თავისი რიგის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ანდრეი შაპანსკი.

„არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც, ისინი უნდა გადაადგილებულიყვნენ და ეცხოვრათ უფრო სამხრეთ ზონებში“.

ჯგუფს იმედი აქვს, რომ ეს აღმოჩენა დაეხმარება უკეთ განსაზღვრონ თუ რა როლი ითამაშა გარემო ფაქტორებმა ამ არსებათა გადაშენებაში, გამომდინარე იქიდან, რომ დიდ მანძილზე მიგრაციის გზით, ზოგიერთი მათგანი იმაზე გაცილებით დიდხანს გადარჩა, ვიდრე აქამდე გვეგონა.

იმის ცოდნა, თუ როგორ გადარჩა ეს სახეობა ასე დიდხანს და რამ გადააშენა საბოლოოდ, დაგვეხმარება უფრო ინფორმირებული არჩევანი გავაკეთოთ ჩვენი საკუთარი სახეობის მომავლისთვის, რადგან წლიდან წლამდე, საკუთარ თავს მართლაც საშიშ მდგომარეობაში ვაგდებთ.

კვლევა ჟურნალ American Journal of Applied Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით