რობერტ შერი - საქართველო შესანიშნავი ადგილია ბიზნესის საკეთებლად, სხვა კომპანიებიც უნდა ჩამოვიდნენ და ეს დიდი სარგებელი მიიღონ
რობერტ შერი - საქართველო შესანიშნავი ადგილია ბიზნესის საკეთებლად, სხვა კომპანიებიც უნდა ჩამოვიდნენ და ეს დიდი სარგებელი მიიღონ

საერთაშორისო კომპანიებისთვის საქართველო შესანიშნავი ადგილია ბიზნესის საკეთებლად; სხვა კომპანიებიც უნდა ჩამოვიდნენ და ეს დიდი სარგებელი მიიღონ, – ამის შესახებ BP-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა, რობერტ შერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რობერტ შერის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესანიშნავად წარმოაჩინა, რა სურს და რას ელის ვაშინგტონში ვიზიტისგან.

„მან ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობებზე, მის მიერ განზრახულ რეფორმებზე, რათა ქვეყანა ბიზნესის კეთებისთვის დიდებულ ადგილად აქციოს და თავად ქართველებისთვის საცხოვრებლად იყოს ძალიან კარგი. მე „ბრიტიშ პეტროლიუმს“ წარმოვადგენ აქ ვაშინგტონში და ჩვენ საქართველოსთან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით იმ შესანიშნავი საქმიანი ურთიერთობების შესახებ, რაც ხალხთან და ქვეყანასთან გაგვაჩნია. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალი, რომელიც დასაქმებული გვყავს საქართველოში და რამდენად განაპირობებს ეს ჩვენი კომპანიის წარმატებას. ვიცით ასევე, რამხელა მნიშვნელობა აქვს, იგივე სარგებელი ქართველმა ხალხმა და ზოგადად, რეგიონმა მიიღოს. ამდენად, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვმასპინძლობთ. შეგვიძლია ვთქვათ და დავადასტუროთ, რომ საერთაშორისო კომპანიებისთვის საქართველო შესანიშნავი ადგილია ბიზნესის საკეთებლად და სხვა კომპანიებიც უნდა ჩამოვიდნენ და ეს დიდი სარგებელი მიიღონ“, – აღნიშნა რობერტ შერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ამერიკული ბიზნესწრეების წარმომადგენელთა შეხვედრა დღეს ვაშინგტონში, „მერიდიაანის საერთაშორისო ცენტრში“ გაიმართა.