ბრიტანული მედია - რიში სუნაკის ოჯახის კომპანიამ BP-სთან 1,5 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა
ბრიტანული მედია - რიში სუნაკის ოჯახის კომპანიამ BP-სთან 1,5 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა

ბრიტანული მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სიმამრის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ ბრიტანულ BP-სთან 1,5 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც რიში სუნაკმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ახალი საბადოების გახსნის ლიცენზიების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „ლონდონ ეკონომიკი“ წერს, ჯერ კიდევ მაისში ინდური „თაიმს ოფ ინდია“ წერდა, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის სიმამრის მიერ დაფუძნებული კომპანიამ, „ინფოსისმა“ მსხვილი გარიგება გააფორმა გლობალურ ენერგეტიკულ კომპანიასთან.

ამასთან, როგორც ბრიტანული მედია წერს, სუნაკის მეუღლის ოჯახის მფლობელობაში არსებული კომპანიის კიდევ ერთი კლიენტი არის ენერგეტიკული კომპანია „შელი“, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ორი კვირის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბიზნესსაბჭოს წევრი გახდა და მთავრობასთან თანამშრომლობის პირობა დადო.

მედიის ცნობით, ინდური ტექნოლოგიური კომპანია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ოჯახს ეკუთვნის, თუმცა სუნაკი აცხადებს, რომ ეს ფაქტი „ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენს“.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას გასცა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ახალი საბადოების გახსნის ნებართვა. რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია ლონდონის ვალდებულებასთან 2050 წლისთვის ნულამდე დაიყვანოს სათბური აირების ემისია.

მისივე მტკიცებით, ბრიტანეთს 2050 წლის შემდეგაც დასჭირდება ბუნებრივი აირი და ნავთობი, ამიტომ, სუნაკის თქმით, ახალი საბადოების განვითარება აუცილებელია, რათა წიაღისეული საწვავი ბრიტანული იყოს და ქვეყანა აღარ იყოს დამოკიდებული „უცხოელ დიქტატორებზე“.