რობერტ პლანტი საქართველოშია. ინგლისელი როკმუსიკოსისა და მისი ბენდის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
„ლედ ზეპელინის“ ყოფილი სოლისტი უკვე ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროშია. რობერტ პლანტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობილი მუსიკოსი ხვალ „ბლექ სი არენას“ სცენაზე კონცერტს გამართავს, რითაც „შავი ზღვის ჯაზფესტივალს“ გახსნის.
აპარატურას, რომელიც პლანტმა სპეციალურად კონცერტისთვის ჩამოიტანა, შეკვეთილში ჩაიტანენ, ხვალ დილით კი ცნობილი მუსიკოსი პირველ რეპეტიციას გაივლის.
როგორც პირველ არხს „შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საქართველოში ყოფნის დროს რობერტ პლანტი ბათუმს და აჭარის ერთ-ერთ სოფელს დაათვალიერებს. მათივე ცნობით, ეს თავად მუსიკოსის მოთხოვნა იყო.
რობერტ პლანტის კონცერტის შემდეგ, „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ ბათუმის კორტებზე გადაინაცვლებს, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე სცენისა და აპარატურის მონტაჟი მიმდინარეობს.
საქართველოში ჯაზფესტივალი ხვალ, 19 ივლისს რობერტ პლანტის კონცერტით დაიწყება და 22 ივლისამდე გაგრძელდება.