რიჩარდ გირაგოსიანი - რუსეთის მშვიდობისმყოფელები არ არსებობენ, ისინი სახლში არასდროს ბრუნდებიან, ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც ყველანი ვდგავართ
რიჩარდ გირაგოსიანი - რუსეთის მშვიდობისმყოფელები არ არსებობენ, ისინი სახლში არასდროს ბრუნდებიან, ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც ყველანი ვდგავართ

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები უკვე ერთ კვირაა, შეწყვეტილია. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რეგიონში რუსი სამხედროები შეიყვანეს. დოკუმენტის მიხედვით, მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდი რაიონი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადადის. რეგიონში დაბრუნდებიან დევნილები. ამავე დროს, სომხეთისა და რეგიონის დამაკავშირებელ გზაზე დერეფანს რუსი სამხედროები დაიცავენ. სომხეთი ასევე დათანხმდა აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დამაკავშირებელი დერეფნის გახსნასაც. ამ პუნქტის შესრულების შემთხვევაში, აზერბაიჯანი ამ გზით თურქეთს დაუკავშირდება. რეგიონში მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ცვლილებების შესახებ ვესაუბრეთ ერევანში მდებარე რეგიონული კვლევითი ცენტრის დირექტორს, რიჩარდ გირაგოსიანს.

რიჩარდ, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციებზე. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციას მიზნის მიღწევა შეუძლია?

ვფიქრობ, ოპოზიცია ამას ვერ მიაღწევს. ცხადია, ახლა სომხეთის საზოგადოება გულწრფელად გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. სომხეთის პრემიერი იძულებული იყო, მიეღო რუსეთის მიერ წარმოდგენილი შეთანხმება და მას სხვა ალტერნატივა ფაქტობრივად არ ჰქონია. ერევანში აქციები ძირითადად წინა მთავრობის წარმომადგენელთა მიერ არის ორგანიზებული. მიტინგებს სათავეში უდგას დისკრედიტებული და ძალიან არაპოპულარული ნაციონალისტური პარტია „დაშნაკცუთიუნი“, ასევე პარტია „აყვავებული სომხეთი“ და ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“. გაერთიანებულმა ოპოზიციამაც კი, სულ რამდენიმე ათასი დემონსტრანტის მობილიზება შეძლო. ეს არ წარმოადგენს რეალურ საფრთხეს მთავრობისთვის. თუმცა, საზოგადოება იმედგაცრუებულია და სომხეთში დაძაბული ვითარებაა.

აქვე კიდევ ერთი საკითხი, რომელიც რუსეთს უკავშირდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის ჩაურევლობა ნიშნავს, რომ მოსკოვს სომხეთის არასასურველი მთავრობის დასჯა სურდა?

მოკლე პასუხია – დიახ, ნამდვილად ასეა. უფრო ვრცლად კი უნდა ვთქვა, რომ სომხეთი ახლა საქართველოს მსგავს სიტუაციაშია. რუსეთი ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესუსტებას. სომხეთის შემთხვევაში კი, ჩვენ რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია ვიხილეთ. ერთი მხრივ, ეს იყო თურქეთის უპრეცედენტო ჩარევა ომის დროს აზერბაიჯანის მხარდაჭერით და მეორე მხრივ, რუსეთისთვის უჩვეულო პასიურობა. ამას დაემატა რუსეთის მიერ თავსმოხვეული შეთანხმება, რომლითაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. ეს შეთანხმება კონფლიქტის გადაჭრას არ უწყობს ხელს და რუსეთს აძლევს იმას, რაც მოსკოვს აქვს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არის სამხედრო წარმომადგენლობა მთიან ყარაბაღში, რაც ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს სომხეთის დამოუკიდებლობისთვის.

ახლა გადავიდეთ უშუალოდ შეთანხმებაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ყველა პუნქტის შესრულება? და ზოგადად, შეუწყობს კი ეს დოკუმენტი ხელს კონფლიქტის სრულად მოგვარებას?

ეს შეთანხმება წინასწარ მოამზადეს რუსეთში და მოსკოვის მიერ იყო თავსმოხვეული, რადგან რუსეთის მშვიდობისმყოფელები მთიან ყარაბაღში ძალიან სწრაფად გააგზავნეს, რეაგირებაც ვერავინ მოასწრო. 9 ნოემბრის შეთანხმება ფაქტობრივად გაყინავს კონფლიქტს, ანუ წყდება საბრძოლო მოქმედებები, ყველა ჩერდება დაკავებულ პოზიციებზე და იწყება ტერიტორიების გადაცემის პროცესი. ეს არც სამშვიდობო და არც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ არის. ეს დოკუმენტი უფრო მეტ კითხვას აჩენს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის სტატუსთან და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის როლთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების გაფორმება რუსეთის ცალმხრივი ძალისხმევის შედეგია. მინსკის ჯგუფმა ახლა უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს დიპლომატიურად, რათა მხარეებს შესთავაზოს შუამავლობა ამ შეთანხმების პირობებზე და ასევე სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში. ამ შემთხვევაში მთავარი საფრთხე იმაშია, რომ კონფლიქტის გადაჭრის ნაცვლად, უბრალოდ ხდება ამ ახალი ძალადობის ან სამომავლო ომის გადავადება.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტში ნათქვამია, რომ უნდა გაიხსნას აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დამაკავშირებელი გზა. ეს ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის. თურქეთში უკვე ალაპარაკდნენ რკინიგზის გაყვანაზე. რამდენად შეცვლის ეს სურათს რეგიონში?

გულწრფელად რომ გითხრათ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ჩნდება რამდენიმე ახალი ფაქტორი. თუმცა, თქვენ მართალი ხართ, ნახიჩევანის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო დერეფნის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ უცნობია, იქნება ეს მხოლოდ საავტომობილო გზა, თუ სარკინიგზო მაგისტრალიც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვეტექსტი არის, რომ თურქეთს აღარ ექნება გამართლება ან მიზეზი, რათა სომხეთთან საზღვარი დაკეტილი დატოვოს. მოვლენების ამ სცენარით განვითარება საინტერესოა საქართველოსთვის. თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის გახსნის შემთხვევაში შეიცვლება ლანდშაფტი და ეს ნიშნავს, რომ სავაჭრო დერეფანი საქართველოზე აღარ გაივლის. და ბოლოს, საქართველოსთვის ეს არის კოშმარი, რომელიც ახლახანს დასრულდა. ომის დროს საქართველო ყველაზე ცუდ მდგომაროებაში აღმოჩნდა. ის მოწყვლად პოზიციაში აღმოჩნდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ახლა კი, საქართველოს გაუჩნდა სტრატეგიული შესაძლებლობა, იყოს შუამავალი ყველა მხარეს შორის და ეს არის შესაძლებლობა, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია საქართველოში დემოკრატიის განვითარების პროცესზე.

და მაინც, სომხეთის ტერიტორიაზე ნახიჩევანისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი დერეფნის გახსნის შემთხვევაში, ხომ არ ჩნდება სომხეთის მიერ ტერიტორიების დაკარგვის ახალი საფრთხე?

პოტენციურად ეს ნამდვილად საფრთხეა, რადგან ჯერ არ ვიცით, ვისი სუვერენიტეტი გავრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს დერეფანი გაივლის, სომხეთის, რუსეთის გარანტიებით, თუ აზერბაიჯანის? დეტალები ჯერ უცნობია და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს შეთანხმება კონფლიქტს აფართოებს, ის უფრო რთული ხდება და კონფლიქტის გადაჭრა გაჭიანურდება.

და ბოლოს, თქვენი აზრით, ვისთვის არის 9 ნოემბრის შეთანხმება ყველაზე მომგებიანი?

ამ შეთანხმების გაფორმების შედეგად ყველა მხარე მეტ-ნაკლებად წაგებულია, გარდა რუსეთისა. სამწუხაროდ, ეს გახლავთ რუსეთის გეოსტრატეგიული წარმატება, რომელიც მოსკოვმა ძალიან იაფად მოიპოვა. რუსეთმა მიიღო ყველაზე დიდი სარგებელი, რადგან მან რეგიონში მშვიდობისმყოფელები განალაგა. მე ვიცნობ საქართველოს მაგალითს და ამის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის მშვიდობისმყოფელები არ არსებობენ და მათი დისლოცირების შემდეგ ისინი სახლში არასდროს ბრუნდებიან. ეს არის გამოწვევა, რომელის წინაშეც ყველანი ვდგავართ.