შალვა პაპუაშვილი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომეხ კოლეგას, ალენ სიმონიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვებას ულოცავს.
ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობა მეგობრული და პროდუქტიულია და გამოთქვამს იმედს, რომ კავშირები კიდევ უფრო განვითარდება.
„გულითადად ვულოცავ ჩემს მეგობარს და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მოძმე სომეხ ხალხს ვუსურვებ წარმატებებს, მშვიდობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა დინამიკური, მეგობრული და პროდუქტიულია. იმედი მაქვს, შევძლებთ ჩვენი კავშირების განვითარებას ჩვენი მოძმე ერების მომავლის სახელით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ 61 მანდატს მიიღებს.