ეუთო-ს კოორდინატორი - სომხეთში წინასაარჩევნო კამპანია იყო უაღრესად კონფრონტაციული, თან სდევდა რიტორიკა, რომელიც თესავდა დაყოფას, უბნებზე არჩევნების მსვლელობა დადებითად შეფასდა
სომხეთში ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორის, ფარაჰ კარიმის განცხადებით, სომხეთში წინასაარჩევნო კამპანიისას პოლარიზებულმა მედიაგარემომ, მიკერძოებულმა მედიაგაშუქებამ და მანიპულაციური შინაარსის გამოყენებით განხეთქილების მომტანმა ონლაინკამპანიამ უარყოფითად იმოქმედა ამომრჩევლების მიუკერძოებელ და სანდო ინფორმაციასთან წვდომაზე.
როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სომხეთში არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესი დადებითად შეფასდა.
„სომხეთში წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირდა პირდაპირი ზეწოლა საზღვარგარეთიდან სავაჭრო შეზღუდვების ესკალაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების სახით, რაც მიზნად ისახავდა ამომრჩევლებზე ოპოზიციური ძალების სასარგებლოდ ზეწოლას. კამპანია იყო უაღრესად კონფრონტაციული, თან სდევდა რიტორიკა, რომელიც თესავდა დაყოფას, აღინიშნა ხმების მოსყიდვისა და სხვა საარჩევნო დარღვევების ბრალდებები, რამაც გამოიწვია ოპოზიციური კანდიდატებისა და აქტივისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მრავალი საქმის აღძვრა, რის შედეგადაც ოპოზიციის მრავალმა მხარდამჭერმა თავი შეიკავა კამპანიაში აქტიურად ჩართვისგან. საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლასთან ერთად, რომ დასწრებოდნენ მმართველი პარტიის ღონისძიებებს და ახლახან შემოღებულმა სოციალურმა, ეკონომიკურმა ზომებმა, გააჩინა შეშფოთება კამპანიის თანაბარი შესაძლებლობების შესახებ. პოლარიზებულმა მედიაგარემომ, მიკერძოებულმა მედიაგაშუქებამ და მანიპულაციური შინაარსის გამოყენებით განხეთქილების მომტანმა ონლაინკამპანიამ უარყოფითად იმოქმედა ამომრჩევლების მიუკერძოებელ და სანდო ინფორმაციასთან წვდომაზე. საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, სადაც არჩევნების დღეს დაკვირვება ხორციელდებოდა, არჩევნების მსვლელობა დადებითად შეფასდა“, – განაცხადა ფარაჰ კარიმმა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ 61 მანდატს მიიღებს, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ კი – 28 მანდატს.