რევაზ სოხაძე - კანონში უნდა დაბრუნდეს ნორმა, რომლითაც ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობაში შესახლება დაუშვებელი იქნება
რევაზ სოხაძე - კანონში უნდა დაბრუნდეს ნორმა, რომლითაც ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობაში შესახლება დაუშვებელი იქნება

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი რევაზ სოხაძე ოპონენტებს ურჩევს, შეფასებებისა და მოსაზრებების გამოთქმამდე საკითხი კარგად შეისწავლონ.

სოხაძემ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხებზე ისაუბრა.

„ფაქტი, რომ დღეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრობენ ადამიანები, გამოწვეულია იმით, რომ 2009 წელს შევიდა კანონმდებლობაში ცვლილება, რომლითაც გაუქმდა ნორმა, რომლითაც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში მოსახლეობის შესვლა არ შეიძლებოდა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ საინჟინრო ქსელების ექსპლუატაცია არ უკავშირდება საერთოდ ექსპლუატაციაში შენობის მიღებას. ეს აბსოლუტურად სხვაგვარად რეგულირდება და კონკრეტული მარეგულირებელი სამსახურების მუშაობენ ამ მიმართულებით“, – განაცხადა სოხაძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი მერიის კომპეტენციას არ მიეკუთვნება.

„რაც შეეხება მერიის კომპეტენციას, ზედამხედველობის კუთხით, მათ შორის სამშენებლო სექტორში, მნიშვნელოვნად გამკაცრებულია ნორმები. კარგად მახსოვს, როდესაც ამ ნორმების გამკაცრებაზე ვსაუბრობდით, როგორ გვიწევდნენ ჩვენი ოპონენტები წინააღმდეგობას“, – აღნიშნა სოხაძემ.

მისივე შეფასებით, ნორმების გამკაცრების შედეგია, რომ მშენებლობებზე უბედური შემთხვევები შემცირებულია.

„ჩვენ, ხელისუფლება მზად ვართ, გავამკაცროთ ნორმები, რომლებიც წლების განმავლობაში უგულვებელყოფილი იყო, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.

სოხაძის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, კომპანია „ყაზტრანსგაზი“ ვალდებულია, შესაბამისი პროექტის მიხედვით განხორციელოს სამუშაოები და შემდეგ ჩაიბაროს კონკრეტული საინჟინრო ქსელი ექსპლუატაციაში, პასუხისმგებლობაც ეკისრება მას. რაც შეეხება ორი დღის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას, საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე „ყაზტრანსგაზის“ ბრალეულობაზე საუბარი რთულია.

„რაც შეეხება შენობის ექსპლუატაციაში მიღებას, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში გაუქმებული ბევრი რეგულაცია ისევ შემოღებულია „ქართული ოცნების“ მიერ და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონში უნდა დაბრუნდეს ნორმა, რომლის თანახმად ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობაში ცხოვრება დაუშვებელი იქნება.