Reuters - სომალიში სამხედრო ბაზას რადიკალური დაჯგუფება „ალ შაბაბი” დაესხა თავს
რადიკალური დაჯგუფება „ალ შაბაბის” განცხადებით, მათი მებრძოლები სომალის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. შედეგად დაღუპულია 27 სამხედრო პირი.
სააგენტო „როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შემდეგაც ტერიტორიაზე უკვე მებრძოლები შეიჭრნენ.
აფეთქების შესახებ საუბრობენ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებიც.
სომალის ხელისუფლებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, რომელიც სააგენტო „როიტერს” ანონიმურობის დაცვის გარანტიით ესაუბრა, სამხედრო ბაზაზე დამატებითი ძალებია გაგზავნილი.