რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 20 ტესტის პასუხი მიიღეს, ყველა მათგანი უარყოფითია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 20 ტესტის პასუხი მიიღეს, ყველა მათგანი უარყოფითია

კორონავირუსზე 20 ტესტის პასუხი, რომელსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდნენ, უარყოფითია. საავადმყოფოში მკურნალობას კვლავ სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს. სამივე მათგანს პნევმონია აქვს, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი შედარებით მსუბუქია. ექიმის ინფორმაციით, მათი კონტაქტები და ინფიცირების წყარო დადგენილია.

კლინიკაში გუშინ ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავდათ. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა, მეოთხე პაციენტი გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამავე პაციენტის ოჯახის წევრებიც არიან მოთავსებულები.

ამასთან, კლინიკაში კოვიდინფიცირებულების გარდა აკვირდებიან 58 პაციენტს. აქედან კლინკაში 19 ტესტის პასუხს ელოდებიან.

რაც შეეხება მათ, ვისი პასუხებიც ცნობილია და არ აქვთ კორონავირუსი, ასეთი პაციენტებიდან დღეს 15 მათგანი გაეწერება. მათი ნაწილი ბინაზე, ნაწილი კი საკარანტინო ზონაში გადანაწილდება. დანარჩენი არაინფიცირებული პაციენტები კი კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩებიან. ორი მათგანი იყო მძიმე და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მოიხსნა აპარატიდან. ეს არის ხანდაზმული მამაკაცი მარნეულიდან.

„სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, სტაბილური, საყურადღებო. ამ ეტაპზე ორის მდგომარეობა არის შედარებით მეტად საყურადღებო. სამივესთან არის პნევმონია.  ერთი პაციენტი გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში, რადგან მისი ოჯახის სამი წევრი მკურნალობს ინფექციურ საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე არის 61 პაციენტი. 15 მათგანი დღეს დატოვებს კლინიკას, ისინი გადანაწილდებიან სხვადასხვა საკარანტინო ზონებში, რამდენიმე მათგანი ეწერება ბინაზე. დღეს, საღამოს ველოდებით 19 ტესტის პასუხს“,-განაცხადა თეა თავართქილაძემ.