რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) კორონავირუსი ერთ ახალ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც მანამდე გამოვლენილი ინფიცირებულის შვილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 47 პაციენტია. კორონავირუსი მათგან ოთხს აქვს დადასტურებული.

„სამი გვყავდა გუშინ, კიდევ ერთს დაუდასტურდა და ეს გახლავთ მეოთხე პაციენტი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერ რენტგენოლოგიურად პნევმონია არ ვლინდება, თუმცა ინფექცია არის და მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის პალატაში. დანარჩენ პაციენტებთან ერთად, მისი მკურნალობა მიმდინარეობს. ეს ჩვენი ერთ-ერთი პაციენტის შვილია, დედა-შვილს აქვს დადასტურებული. ინფიცირებული სრულწლოვანია და ცნობილ კლასტერს მიეკუთვნება. ეროვნული ბანკის კლასტერს არ მიეკუთვნება. ყველა ინფიცირებული პაციენტის ანამნეზი ცნობილია. ეს ორი, დედა-შვილი შიდა გავრცელებაა. თუმცა, საიდან, ისიც ცნობილია. ტიპური მეოთხეული გადაცემა ჩვენთან ამჯერად არ არის“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს,  მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გუშინ 21 პაციენტის ტესტირება ჩატარდა. მათგან პოზიტიური მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. დღეს ტესტირება 20 პაციენტს ჩაუტარდა, შედეგებს საღამოს გადმოგვიგზავნიან და ხვალ გაგაცნობთ. ჩვენ რეანიმაციულ განყოფილებაში ორი პაციენტი გვყავს, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ. აქედან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა იმდენად, რომ შესაძლებელი გახდა მართვითი სუნთქვიდან მისი მიხსნა და ამჟამად სპონტანურ სუნთქვაზეა. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით, რომ კრიტიკული მდგომარეობა გავიარეთ. ამ პაციენტებს კორონავირუსი არ უდასტურდებათ. მეორე პაციენტს განსაკუთრებით მძიმე რომელიც არის, გუშინ ტესტიც ჩავუტარეთ, რათა გვენახა, ხომ არ არის შემთხვევით ანტისხეულები და ხომ არ გადაიტანა „კოვიდი“, მაგრამ ნეგატიური აღმოჩნდა. ეს არის ტიპიური სეპტიური ბაქტერიული პნევმონია, რომელიც ძალიან მძიმედ მიმდინარეობს ამ პაციენტში“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტიდან არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

„სამს პნევმონია აქვს დადასტურებული. ოთხივე შემთხვევაში მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს. მეოთხე პაციენტს პნევმონია ჯერჯერობით არ უდასტურდება, რაც ძალიან კარგი ამბავია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.