ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამინისტროს ათწლიან გეგმას წარადგენს
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 10-წლიან გეგმას წარადგენს. პრეზენტაციას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
პრემიერმა პრეზენტაციის დაწყებისას, სიტყვით გამოსვლისას მთავრობის სახელით ექიმებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, პირველ რიგში, ყველაფრისთვის გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ. მსურს, ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს მთელი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო გმირობისთვის. ფასდაუდებელი საქმეა, რაც თქვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გააკეთეთ. კოვიდპანდემია იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და ამ პროცესში თქვენ საოცარი გმირობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეკატერინე ტიკარაძემ კი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საქართველოს ჯანდაცვის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, რის გამოც სურს, რომ უწყების 10-წლიან გეგმაზე საუბარი სწორედ ამ ადგილიდან დაიწყოს.
„მინდა, დღევანდელი გამოსვლა დავიწყო იმ ადგილიდან, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. რესპუბლიკურ საავადმყოფოს საქართველოს ჯანდაცვის განვითარებაში ნამდვილად უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაში. ბოლო პერიოდში კოვიდის გამოწვევებშიც მისი როლი არის უპრეცედენტო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.