რექს ტილერსონი - ე.წ. ისლამური სახელმწიფო ბოლომდე დამარცხებული არ არის
ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფო ბოლომდე დამარცხებული არ არის, – ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის ანტიტერორისტული კოალიციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძირითადი სამხედრო ოპერაციების დასრულება არ ნიშნავს, ამ დაჯგუფებაზე საბოლოო გამარჯვებას“, – განაცხადა ტილერსონმა სიტყვით გამოსვლის დროს.
სახელმწიფო მდივანმა ასევე, აღნიშნა, რომ კოალიციის ძალებმა ე.წ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სირიისა და ერაყის ტერიტორიის 98 პროცენტზე დაამარცხეს.
სიტყვით გამოსვლის დროს, რექს ტილერსონმა სირიაზეც ისაუბრა. სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები გეგმავს, რომ სირიას ჰუმანიტარული დახმარების სახით 200 მილიონი დოლარი გამოუყოს. ტილერსონის თქმით იანვარში ამერიკამ სირიას 216 მილიონი დოლარი უკვე გამოუყო.