რემა ღვამიჩავა - ონკოდაავადებათა არანაირი დრამატული ზრდა არ ხდება არც მსოფლიოში და არც საქართველოში
რემა ღვამიჩავა - ონკოდაავადებათა არანაირი დრამატული ზრდა არ ხდება არც მსოფლიოში და არც საქართველოში

ონკოდაავადებათა არანაირი დრამატული ზრდა არ ხდება არც მსოფლიოში და არც საქართველოში, – ამის შესახებ ონკოლოგმა, თსუ-ის პროფესორმა, რემა ღვამიჩავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ონკოდაავადებათა ზრდა სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში აღინიშნება, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო ზრდის ტემპით და ასევეა საქართველოშიც. მსოფლიოში არანაირი დრამატული ზრდა არ ხდება ისევე, როგორც საქართველოში. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს და ერთ-ერთ მიზეზად განიხილება ის, რომ ონკოლოგიური პათოლოგია მაინც საშუალოზე გადაცილებული ასაკის მოსახლეობის დაავადებაა და მთელ მსოფლიოში საშუალო ასაკი მატულობს. მეორე არის გარემო. გარემოში ვგულისხმობ როგორც კვებას, ასევე ჰაერს, წყალს, სტრესს და ა.შ. ამ ყველაფერს ეს ერთობლიობა განაპირობებს“, – განაცხადა ღვამიჩავამ.

ამ განცხადებით რემა ღვამიჩავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა განაპირობებს მთელ მსოფლიოში ონკოდაავადებათა ზრდის ტენდენციას და რით არის გამოწვეული ეს შედეგი.

შეკითხვაზე, არის თუ არა დღეს გაახალგაზრდავებული ონკოდაავადებები, ონკოლოგმა განაცხადა, რომ არის, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვნად.

„ესეც მსოფლიო ტენდენციაა და არა მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ონკოდაავადებები გაახალგაზრდავდა ისევე, როგორც გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია და ნებისმიერი სხვა პათოლოგია“, – განაცხადა ღვამიჩავამ.

მისი თქმით, ონკოლოგია განსაკუთრებულ დაავადებად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ეს ისეთივე ქრონიკული დაავადებაა, როგორც ნებისმიერი სხვა და ადრეული გამოვლენის პირობებში ისეთივე ასი პროცენტით განკურნებადია, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება.

„რატომღაც, ეს სტიგმაა. საქართველოში და ჩვენ მსგავს ქვეყნებში გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიას სიკვდილის სტრუქტურაში პირველი ადგილი უჭირავს და უმეტესად, ეს არის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მაგრამ ვერავინ დამისახელებს ფაქტს, როცა ვინმემ დამალა, რომ მას, ან მისი ოჯახის წევრს თუ ახლობელს მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა. სამაგიეროდ, ძალიან ხშირად მალავენ, რომ კიბო ჰქონდათ, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან კიბო არ არის დაავადება, რომელიც როგორც ინფექციური სხვა პათოლოგია გადაეცემა და გადამდებია. კიბო არ არის რაღაც ისეთი პათოლოგია, რომელიც შენი არასწორი ცხოვრების წესით არის გამოწვეული, როგორც დავუშვათ, ვენერიული დაავადება. ეს თემა რაც უფრო მეტად დაიმალება და სტიგმა იქნება, პრობლემაში მით უფრო შევალთ“, – განაცხადა ღვამიჩავამ.

ონკოლოგმა ასევე განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებს ცენტრალური ბიუჯეტი ფარავს, მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხებით და როცა საყოველთაო ჯანდაცვაში დაზღვეულ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება, ხარჯის უდიდეს ნაწილს ისევ საყოველთაო ჯანდაცვა იხდის და თუ ადამიანი უფასო სკრინინგს არ გაივლის, მომავალ წელს უნდა დავფიქრდეთ, დავტოვოთ თუ არა ის საყოველთაო ჯანდაცვაში.

„ხომ არის ლოგიკა?! მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში მოცვის პროცენტის ფეთქებადი ზრდა მოხდება. მეორე მხრივ, სისტემა ამისთვის მზად არის. მინდა, ძალიან დიდი სიამაყით ვთქვა, რომ ის მთელ საქართველოს ფარავს და მათ შორის ფარავს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს. გვაქვს სახელმწიფო დაზღვევა და ადამიანი ავად რომ გახდება, მისი მკურნალობის ფულს მე ვიხდი, სახელმწიფო. სკრინიგის ფულსაც მე ვიხდი და ამიტომ, ეს იძულება არ არის. სკრინიგი რომ ფასიანი იყოს, მე არანაირი უფლება არ მექნებოდა, მათ შორის, არც მორალური“, – განაცხადა რემა ღვამიჩავამ.