ზურაბ აზარაშვილი - ისტორიული პროექტი დავიწყეთ, სახელმწიფომ შეძლო და აიღო სრული გარანტია, რომ ყველა ბავშვს, ვისაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი, ვუმკურნალებთ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში
ზურაბ აზარაშვილი - ისტორიული პროექტი დავიწყეთ, სახელმწიფომ შეძლო და აიღო სრული გარანტია, რომ ყველა ბავშვს, ვისაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი, ვუმკურნალებთ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში

ისტორიული პროექტი დავიწყეთ, როცა სახელმწიფომ შეძლო და აიღო სრული გარანტია იმაზე, რომ ყველა ბავშვს, ვისაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი, ვუმკურნალებთ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში, მათ შორის ყველაზე თანამედროვე მეთოდებით, მაგალითად ისეთით, როგორიც არის პროტონოთერაპია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ყველა საჭიროება დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ.

„ბიუჯეტი არის დაახლოებით 30 მილიონი ლარი, თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით და ყველა ის საჭიროება, რაც ექნებათ, დაფინანსდება სახელმწიფოსგან. ვვარაუდობთ, რომ წელიწადში დაახლოებით 300-მდე ბავშვი იქნება. ძალიან მიხარია, რომ გამოჯანმრთელების შედეგები საკმაოდ მაღალია და მინდა, ყველა პატარას ჯანმრთელობა ვუსურვო. თუ რამე მონაწილეობა ჩვენი მხრიდან იქნება საჭირო, ყოველთვის მზად ვართ.

ჩვენ გასული წლის ბოლოს დავაანონსეთ, რომ აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს მძლავრი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტი. პროექტი უკვე დამუშავების ეტაპზეა და მოვიაზრებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ცალკე მდგომ ბლოკად, სადაც განთავსებული იქნება ბავშვთა ონკოლოგია.

ამასთან ერთად, რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ ამ პროექტზე ვიმუშავებთ, გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, პროტონოთერაპიის ცენტრი ქუთაისში. ეს შესაძლებლობა, მაგალითად, ამ სამი პარტნიორი ქვეყნიდან მხოლოდ ესპანეთს აქვს და არ აქვს თურქეთს, ისრაელს. მერწმუნეთ, ძალიან დიდი საქმეა, რომ საქართველოში იქნება პროტონოთერაპიის ცენტი. ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრის პროექტს ჩვენ რამდენიმე პარტნიორთან ვამუშავებთ, მათ შორის არის ისრაელი, სადაც ჩვენი წარმომადგენლები ჩავიდნენ, თავად ისრაელიდანაც ჩამოვიდნენ საქართველოში და ისინი ძალიან გვეხმარებიან, რომ საქართველოს სრულყოფილი ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკა ჰქონდეს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება.