ერდოღანი - თურქეთი აღარ განახორციელებს აშშ-ში ეჭვმიტანილების ექსტრადირებას, თუ ვაშინგტონი ანკარას გიულენს არ გადასცემს
თურქეთი აღარ განახორციელებს აშშ-ში ეჭვმიტანილების ექსტრადირებას, თუ ვაშინგტონი ანკარას ფეთჰულა გიულენს არ გადასცემს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ ბოლო 15 წლის განმავლობაში 12 ტერორისტი გადავეცით. რატომ? რადგან ისინი ტერორისტები იყვნენ. თუმცა ისინი არ გვაძლევენ მას, ვინც ჩვენ გვსურს. ისინი უსაფუძვლო საბაბს იგონებენ. თუ თქვენ არ გადმოგვცემთ მას, მაშინ გვაპატიეთ, თუმცა ამიერიდან, როდესაც მოგვთხოვთ სხვა ტერორისტის გადაცემას, ვიდრე მე პრეზიდენტის თანამდებობაზე ვიქნები, თქვენ მას ვერ მიიღებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, აშშ-სა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ არსებობს, რადგან ვაშინგტონი სირიაში ქურთებს იარაღს აწვდის.
„როგორ შეიძლება ეს სტრატეგიულ პარტნიორობად ჩაითვალოს“, -აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ანკარა აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და ვაშინგტონისგან მის ექტსრადირებას ითხოვს. აშშ-ში კი თურქეთისგან გიულენის დანაშაულის დასადასტურებლად მტკიცებულებებს ითხოვენ.