რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთისგან მიღებული სარაკეტო სისტემა აპრილში გააქტიურდება
თურქეთმა რუსეთისგან „ეს-400“-ის სარაკეტო სისტემა თითქმის სრულად მიიღო, რომელიც აპრილში ამოქმედდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის მიზანი სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებაა და პოლიტიკური პროცესის წარმართვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად სურს. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სირიის არმიის მხრიდან შესაძლო თავდასხმების და დარღვევების საპასუხოდ, თურქეთის არმია სრულ მზადყოფნაშია.
„ეს-400“ შორ მანძილზე მოქმედი სისტემაა, რომელიც ავიაციის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე სახმელეთო ობიექტების განადგურებისთვისაა განკუთვნილი. რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა 400 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს და სამიზნის განადგურება 30 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია.
იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები 5 მარტს შეთანხმდნენ.