ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, შეთანხმება ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევა ძალაში
ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, შეთანხმება ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევა ძალაში

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 5 მარტს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე ცეცხლი შეწყდება.

„დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იდლიბში არსებულ ვითარებაზე. თითქმის ექვსი საათი განვიხილავდით ამ თემას. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს სოჭის შეთანხმება, რომელსაც უნდა უზრუნველეყო იდლიბში მშვიდობა. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ღამის 12:00 საათიდან ამოქმედდება ცეცხლის შეწყვეტა და ამ მიმართულებით გადაიდგმება ყველა ნაბიჯი“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ვლადიმერ პუტინმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ თურქეთისა და რუსეთი გარკვეულ საკითხებში ერთმანეთს არ ეთანხმებიან, თუმცა კრიტიკული მომენტების დროს გადაკვეთის წერტილების მონახვას ახერხებენ.

„ყოველთვის არ ვეთანხმებით თურქ პარტნიორებს, თუმცა ყოველ კრიტიკულ მომენტში ვახერხებთ გადაკვეთის წერტილების მონახვას. ასე მოხდა ამჯერადაც. დღეს ჩვენ დავადასრტურეთ, რომ უნდა შესრულდეს ასტანის ფორმატის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება. ასევე შევთანხმდით, რომ არ უნდა დავუშვათ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შემსუბუქება. ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ დოკუმენტზე. მასში აღწერილია ის გადაწყვეტილებები, რომლებზეც მე და ერდოღანი შეხვედრის დროს შეთანხმდით. იმედი მაქვს, ეს შეთანხმება კარგი საფუძველი იქნება იდლიბში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და შექმნის ჰუმანიტარული პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობას. ვფიქრობ, მოლაპარაკებები პოზიტიური იყო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პრესკონფერენციის დროს ასევე ცნობილი გახდა, რომ სირიის პროვინცია იდლიბში უსაფრთხოების კორიდორები შეიქნება, 15 მარტიდან კი რეგიონში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი პატრულირება დაიწყება.

ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა თითქმის ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები თავდაპირველად ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართა, ლიდერებს დელეგაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის არმიის შეტევის შედეგად, 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სირიაში თურქეთისა და რუსეთი ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს.