რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთისგან მიღებული სარაკეტო სისტემა აპრილში გააქტიურდება

16:16, 06.03.2020

თურქეთმა რუსეთისგან „ეს-400“-ის სარაკეტო სისტემა თითქმის სრულად მიიღო, რომელიც აპრილში ამოქმედდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის მიზანი სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებაა და პოლიტიკური პროცესის წარმართვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად სურს. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სირიის არმიის მხრიდან შესაძლო თავდასხმების და დარღვევების საპასუხოდ, თურქეთის არმია სრულ მზადყოფნაშია.

„ეს-400“ შორ მანძილზე მოქმედი სისტემაა, რომელიც ავიაციის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე სახმელეთო ობიექტების განადგურებისთვისაა განკუთვნილი. რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა 400 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს და სამიზნის განადგურება 30 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია.

იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები 5 მარტს შეთანხმდნენ.

მსგავსი