რეგულირების სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში დეტალური მონიტორინგი მიმდინარეობს
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის განცხადებით, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში დეტალური მონიტორინგი მიმდინარეობს. მისივე თქმით, როგორც კი პროცესს დაასრულებენ და ექნებათ დასკვნა, წარმოადგენენ.
„როგორც იცით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში ხვდებიან პაციენტები, თუ ისინი სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ჩვენ პირველ ეტაპზე ადგილზე განვახორციელეთ მონიტორინგი, თუმცა შემდეგ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მინისტრმა განაცხადა, რომ უფრო დეტალური მონიტორინგი ჩატარდება. ჩვენ უკვე ორი დღის განმავლობაში ვახორციელებთ ასეთი ტიპის მონიტორინგს. როდესაც გვექნება დასკვნა, წარმოვადგენთ.
როგორც იცით, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას აქვს სანებართვო პირობები და უნდა აკმაყოფილებდეს სანებართვო პირობებს. სანებართვო პირობა ბევრ კომპონენტს მოიცავს, იქ არის ინფრასტრუქტურული ნაწილი, ასევე სამედიცინო პერსონალის ნაწილი, ხარისხის შიდა სისტემების მართვის ნაწილი. როგორ ხდება ეს ყველაფერი, რამდენად ოპერატიულად, ეფექტურად, სწორედ ამ დეტალებს ვსწავლობთ“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი ეტაპის მონიტორინგი ზოგადი სახის იყო და არ მოიცავდა სანებართვო პირობის ნაწილს.
„სანებართვო პირობის ნაწილს არ მოიცავდა, ეს იყო არსებული მდგომარეობის ზოგადი მონიტორინგი. კიდევ ერთხელ იქნა ნანახი, რა ტიპის პროფილები ჰქონდა ამ სამედიცინო დაწესებულებას. ახლა უფრო დაწვრილებით მიმდინარეობს ყველა დეტალის გავლა ამ დაწესებულებაში“, – აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.