თამარ გაბუნია - კანონში ცვლილების ძირითადი მიზანი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაა, რათა პაციენტების ინტერესები იყოს დაცული
თამარ გაბუნია - კანონში ცვლილების ძირითადი მიზანი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაა, რათა პაციენტების ინტერესები იყოს დაცული

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილების ძირითადი არსი და მიზანი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაში მდგომარეობს, რათა პაციენტების ინტერესები იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტოს უმთავრესი ფუნქცია პაციენტის უსაფრთხოების დაცვაა და მის აღსრულებას ჯეროვანი მექანიზმები სჭირდება. მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტში წარმოდგენილია რამდენიმე დამატებითი მექანიზმი, რომლებიც რეგულირების სააგენტოს საქმიანობას მეტ ოპერატიულობას შესძენს, რათა შეფასება ჩატარდეს ობიექტური გარემოებების სრული გათვალისწინებით და გადაწყვეტილებაც ობიექტურ საფუძვლებზე იყოს დამყარებული.

„დღევანდელი მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო, რათა რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყოს პაციენტის საჩივარზე 72 საათში. ამ პერიოდში შესაძლებლობა არსებობს, დაწესებულება გარკვეულწილად მოემზადოს მარეგულირებლის ვიზიტისთვის, თუ საჭიროა, მოახდინოს რეაგირება მთელ რიგ დოკუმენტაციაში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს რეგულირების სააგენტოს მიერ რეალური სურათის შეფასებას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც აღწერილია კანონპროექტში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.