თამარ გაბუნია - პაციენტის სიცოცხლის რისკები როდესაც არსებობს, ჯობს, შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება
თამარ გაბუნია - პაციენტის სიცოცხლის რისკები როდესაც არსებობს, ჯობს, შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება

პაციენტის სიცოცხლის რისკები როდესაც არსებობს, ჯობს, შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და პაციენტის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, უწყების სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ეფექტური, ოპერატიული და შეფერხების გარეშე მუშაობის საშუალება ჰქონდეს. მისივე განცხადებით, წარდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას პაციენტის ინტერესები და უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს მუშაობის ისეთივე მექანიზმები, როგორიც საქართველოში 18-მდე დაწესებულებას უკვე აქვს. მათ არ სჭირდებათ სასამართლოს თანხმობა, რათა განახორციელონ ის ქმედებები, რაც აღწერილია ამ კანონპროექტში, მათ შორის არის შრომის ინსპექციის სამსახური, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მოსამართლის თანხმობის გარეშე, საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ შევიდეს ობიექტზე. ზუსტად იგივე, იდენტური უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, მუნიციპალურ ორგანოებსა და სხვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.