რეგულირების სააგენტომ აფთიაქის ინსპექტირებისას დიდი ოდენობით გადამალული ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას, მაცივრის ძრავთან გადამალული, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და დაწესებულებას ჩამოერთვა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, დაწესებულებაში განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ აფთიაქი ახორციელებდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით.
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ჩამორთმეული იქნა ყველა ის მედიკამენტი, რომელთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია აფთიაქს არ გააჩნდა. საერთო ჯამში 1087 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც მიეკუთვნება პირველი ჯგუფის მედიკამენტებს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებს. განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ექცევა. 2021 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში სააგენტოს მიერ ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 189 ღონისძიება განხორციელდა და 166 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.