რეგულირების სააგენტო - გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რის შემდეგაც იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გამოასწოროს პრობლემები
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ, მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით შეამოწმა.
სააგენტოს დირექტორის ლიანა ჭუმბურიძის განცხადებით, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ პრობლემების გამოსწორება.
„ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში.
ჩვენი მიზანია, ყველა მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ 2025 წელს და ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება მიიღოს“, – განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ.
სტაციონარული პაციენტების მიღების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა იაშვილის კლინიკამაც. კლინიკაში განმარტეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, იაშვილის საავადმყოფო სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით აჩერებს, თუმცა გაგრძელდება განსაკუთრებულად რთული შემთხვევების კლინიკური მართვა, ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება. მათივე განცხადებით, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სრულმასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები დასკვნით ფაზაში გადადის.