რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა.
მაია გახლდათ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი 2012 წლიდან დღემდე, რომელიც იყო ძალიან წარმატებული უფროსი. ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მთავრობის ადმინისტრაციაში ის საქმე და საქმის ის მოცულობა, რომელსაც მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა, რთული შესავსები იქნება. ასევე ამ პოზიციაზე ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, მაგრამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. დარწმუნებული ვარ, სივრცითი განვითარების მიმართულებით კიდევ ვნახავთ ძალიან დიდ წარმატებებს. მინდა, წარმატება ვუსურვო მაიას ამ თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ მის წარმატებაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.