რეჟისორი კონსტანტინე კალანდაძე ახალ ფილმზე მუშაობს. ფილმი “დრამერი” საპროდიუსერო კომპანია „პარაშუტის” პროდუქციაა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, 2017 წლის სადებიუტო კონკურსში გამარჯვებული პროექტია.
ესაა ნამდვილ ამბებზე აგებული გამოგონილი ისტორია, რეალურ სოციალურ ფონზე, კრიმინალური ელემენტებით. ფილმში მოთხრობილი ამბავი, ამავე დროს, სასიყვარულო ისტორიის გარშემო ტრიალებს და ახალგაზრდა, ამბიციურ მუსიკოსს ეხება, რომელიც თავისუფლების ძიებაშია. ახალგაზრდულ პრობლემებზე ფილმს ახალგაზრდები იღებენ: შემქმნელების ინტერესი ქალაქის უხილავ კუთხეებში დაკარგული, მაგრამ მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რომელთა საარსებო გარემო სუბკულტურული სივრცეა.
მსახიობების შერჩევა ე.წ. Method Acting-ის ნიმუშია, როდესაც შემსრულებლის ხასიათი და ცხოვრებისეული გამოცდილება თანხვედრაშია გმირის შინაგან სამყაროსთან.
მთავარი როლის შემსრულებელი ლაშა ცქვიტინიძე ადრე თვითონაც “დრამზე” უკრავდა. ნატა სოფრომაძე, რომელიც დრამერის მეგობარ, მარტოხელა გოგონას თამაშობს, როგორც თვითონ ამბობს, შინაგანად ახლოსაა საკუთარ პერსონაჟთან. ფილმის დებიუტანტი რეჟისორი კონსტანტინე კალანდაძე თვითონაც მუსიკოსია. ერთადერთი, ვისაც სრულიად განსხვავებული ტიპაჟის თამაში უწევს, კომპოზიტორი გოგი ძოძუაშვილია. მისი გმირი ნარკოტიკების გამსაღებელია.