რეჟისორ რატი ონელის ფილმმა „მზის ქალაქი“ ZagrebDox-ზე „სპეციალური აღიარება“ მოიპოვა
ქართველი რეჟისორის რატი ონელის დოკუმენტურმა ფილმმა „მზის ქალაქი“ ხორვატიაში, მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალ ZagrebDox-ზე „სპეციალური აღიარება“ მოიპოვა. ინფორმაციას რეჟისორი რატი ონელი ავრცელებს.
ZagrebDox დოკუმენტური ფილმის კინოფორუმია, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და ზაგრებში ყოველწლიურად თებერვლის ან მარტის დასაწყისში იმართება. ფესტივალზე დოკუმენტალისტები მთელი მსოფლიოდან არიან წარმოდგენილი.
ფილმი „მზის ქალაქი“ პოსტ-აპოკალიპტური ქალაქი-აჩრდილის, ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურეალისტურ ხედვას წარმოადგენს. ამ გმირების ცხოვრება, ბედი და ოცნებები იმ ადგილის ნანგრევების ფონზე ვითარდება, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით და განსაკუთრებით — მანგანუმის შახტით.
ფილმის სცენარის ავტორები არიან რატი ონიანი და დეა კულუმბეგაშვილი. გადაღებებზე მუშაობა კინოსტუდია OFA-მ საქართველოს, ჰოლანდიის, აშშ-ისა და კატარის კოპროდუქციაში 2013 წელს დაიწყო. ფილმში მონაწილეობენ ზურა გელაშვილი, არჩილ ხვედელიძე, ირინა ფხალაძე და მარიამ ფხალაძე.
ფილმის პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი” რატი ონელის დებიუტია.