რაულ ხაჯიმბა და „ოპოზიციის“ წარმომადგენლები ე.წ. საზოგადოებრივი პალატის შუამავლობით შეხვედრას გამართავენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრას საზოგადოებრივი პალატის შუამავლობით გამართავენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზოგადოებრივი საბჭოს მდივნის, დანიილ უბირიას განცხადებით, დღეისთვის დაგეგმილი მოლაპარაკების მთავარი მიზანი დაპირისპირების გადალახვა და კონფლიქტის შემდგომი განვითარების პრევენციაა.
„ნებისმიერი დაპირისპირება, რომელსაც შეუძლია საზღვრის გადაკვეთა, ძალადობის დაშვება, აფხაზური სახელმწიფოებრიობის დასასრულია. ეს ესმის როგორც პრეზიდენტის მხარეს, ასევე მათ, ვინც დღეს იბრძვის ძალაუფლებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყველას“, – განაცხადა დანიილ უბირიამ.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოში აცხადებენ, რომ რაულ ხაჯიმბა თავის ოფიციალურ რეზიდენციაში იმყოფება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.