რატომ შეიძლება აიკრძალოს TikTok-ი - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
რატომ შეიძლება აიკრძალოს TikTok-ი - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

აშშ-სა და რამდენიმე ქვეყანაში TikTok-ი შესაძლოა, აიკრძალოს. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობას აქვს წვდომა „ტიკტოკის“ მომხმარებლების მონაცემებზე. აშშ ითხოვს, ჩინელმა მფლობელებმა „ტიკტოკი“ გაყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას აშშ-ში აკრძალავენ.

რატომ სურს აშშ-ს ტიკტოკის აკრძალვა

„ტიკტოკი“, ისევე როგორც სოციალური მედიის სხვა პლატფორმები, აგროვებენ მომხმარებლების მონაცემებს, თუმცა აშშ ეჭვობს, რომ ეს მონაცემები, შესაძლოა, ჩინეთის მთავრობის ხელში მოხვდეს და გამოიყენონ ამერიკელების წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის ან პროპაგანდისტული ინფორმაციის გასავრცელებლად. ამერიკამ აპლიკაცია უკვე დაბლოკა მთავრობის წევრების მობილურებში, იგივე ნაბიჯი გადადგა გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ევროკავშირმა. ინდოეთმა კი აპლიკაცია 2020-ში აკრძალა.

„ტიკტოკი“ ამტკიცებს, რომ ის ზუსტად ისევე ოპერირებს, როგორც სოციალური მედიის სხვა პლატფორმები და არ გეგმავს, მომხმარებლების მონაცემები ჩინეთის მთავრობას გადასცეს.

ამერიკაში ყოველი მესამე ადამიანი „ტიკტოკის“ მომხმარებელია და ამ აპლიკაციის დაბლოკვა უპრეცედენტო მოვლენა იქნება.

 

 

როგორ შეუძლია აშშ-ს, თავის მოქალაქეებს „ტიკტოკზე“ წვდომა შეუზღუდოს

„ტიკტოკის“ დაბლოკვისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება, რომ აშშ-ის მთავრობამ Apple-სა და Google-ს თავიანთი app store-ებიდან აპლიკაციის წაშლის თხოვნით მიმართოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები TikTok-ს ვეღარ გადმოწერენ, თუმცა ვისაც უკვე დაინსტალირებული აქვს ტელეფონში, ისინი მოხმარებას კვლავ შეძლებენ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში აპლიკაცია ვეღარ დააფდეითდება და, შესაძლოა, გამართულად მუშაობაც ვეღარ შეძლოს.

„ტიკტოკის“ დაბლოკვის მეორე გზა არის ინტერნეტპროვაიდერებთან თანამშრომლობა, როგორც ეს ინდოეთში მოხდა, სადაც მთავრობამ ინტერნეტპროვაიდერებს მოუწოდა, თავიანთ ქსელებში „ტიკტოკი“ დაებლოკათ.

შეიძლება თუ არა აპლიკაციის გამოყენება დაბლოკვის შემდეგ

მობილური ტელეფონების დიდ ნაწილში შესაძლებელია რეგიონის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკაციის გადმოწერა სხვა ქვეყნების app store-ებიდან იქნება შესაძლებელი. თუმცა ეს, შესაძლოა, აპლიკაციის გადმოწერის წესების დარღვევად ჩაითვალოს.

რა შედეგი მოჰყვება „ტიკტოკის“ დაბლოკვას აშშ-ში

„ტიკტოკის“ მონაცემებით, აპლიკაციას 5 მილიონზე მეტი ამერიკული ბიზნესი იყენებს, მათ შორის მცირე მეწარმეები, რომლებსაც სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზე გამომწერები არ ჰყავთ. ვარაუდობენ, რომ „ტიკტოკის“ დაბლოკვა მათ შემოსავლებზე დრამატულად აისახება.

აპლიკაციის გაუქმება კრეატორებსაც დიდ დარტყმას მიაყენებს, რადგან მათ სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით შეძლეს პოპულარობის მოპოვება და თანხის გამომუშავება.

BBC-მ თავის თანამშრომლებს აპლიკაციის წაშლა ურჩია

BBC პირველი ბრიტანული კომპანიაა, რომელმაც, უსაფრთხოების მოტივით, თანამშრომლებს „ტიკტოკის“ წაშლა ურჩია და მეორეა მსოფლიოში დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ, რომელმაც იგივე ნაბიჯი გადადგა. თუმცა BBC აცხადებს, რომ პლატფორმას ისევ გამოიყენებენ ინფორმაციის გასავრცელებლად და მარკეტინგული აქტივობებისთვის.

 

როგორ პასუხობს ჩინეთი აშშ-ის ბრალდებებს

ჩინეთი აშშ-ს ადანაშაულებს დეზინფორმაციის გავრცელებაში და აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობის მხრიდან გადამეტებული რეაქცია იყო სამთავრობო უწყებებში დასაქმებული ადამიანების მოწყობილობებში „ტიკტოკის“ დაბლოკვა.

შოუ ჩიუ, TikTok-ის ხელმძღვანელი

 

„ტიკტოკის“ ხელმძღვანელი კონკრესში – რატომ დაიბარეს და რა გავიგეთ ახალი

როგორც BBC წერს, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მხრიდან „ტიკტოკის“ მიმართ უნდობლობისა და სკეპტიციზმის დონე საკმაოდ მაღალია, რაც ცალსახად გამოჩნდა კონგრესში შოუ ჩიუს მოსმენაზე. ორივე პარტია თანხმდება იმაზე, რომ TikTok-ი მომხმარებლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რა ბრალდებები წაუყენეს კომპანიის CEO-ს და როგორ უპასუხა შოუ ჩიუმ ამერიკელ კანონმდებლებს.

  • შოუ ჩიუმ დაადასტურა, რომ ჩინური კომპანია ByteDance-ის ინჟინრებს „ტიკოტკის“ ყველა მონაცემზე აქვთ წვდომა. სწორედ აქ ხედავენ საფრთხეს კონგრესმენები, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ თუ ჩინელ ინჟინრებს აქვთ მონაცემებზე წვდომა, დიდი ალბათობაა, რომ ჩინეთის მთავრობასაც ასევე ჰქონდეს იგივე ბერკეტი. ჩინური კომპანია ByteDance ფლობს „ტიკტოკს“ და ჩიუ, თავის მხრივ, არის ByteDance-ის მთავარი ფინანსური დირექტორი. როდესაც ამ საკითხზე კონგრესმენებმა კითხვა დასვეს, როგორც BBC წერს, შოუ ჩიუს პასუხის გაცემა არ სურდა, თუმცა, კანონმდებლების ზეწოლის შემდეგ, იგი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ByteDance-ში აქციებს ფლობდა.

 

  • ჩიუ ასევე აცხადებს, რომ მომხმარებლების მონაცემები მაქსიმალურად არის დაცული. გარდა ამისა, მან კონგრესმენებს არაერთხელ შესთავაზა „ტეხასის პროექტის“ აღსრულება, რომლის თანახმადაც, ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები შეინახება აშშ-ში და გაკონტროლდება ამერიკული კომპანიის მიერ, რაც, ჩიუს თქმით, იქნება იმის გარანტი, რომ აშშ-ის მოქალაქეების მონაცემები იყოს დაცული.

 

  • ამერიკელი კანონმდებლები აპელირებდნენ „ტიკტოკში“ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და ბავშვებისთვის საზიანო კონტენტზე. კონგრესმენმა ბილი რაკისმა „ტიკტოკი“ თვითმკვლელობის წაქეზებაში დაადანაშაულა და მაგალითად მოიყვანა ნიუიორკელი ბიჭი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კონკრესმენი ამტკიცებდა, რომ სწორედ „ტიკტოკის“ კონტენტმა უბიძგა ბავშვს ამ ქმედებისკენ.

 

  • საპასუხოდ ჩიუმ განაცხადა, რომ „ტიკტოკი“ მაქსიმალურად ცდილობს, ზიანის მომტანი კონტენტი პლატფორმიდან წაშალოს.

 

  • TikTok-ის ხელმძღვანელს ჰკითხეს, იყენებენ თუ არა ამ პლატფორმას მისი შვილები, რაზეც ჩიუს პასუხი იყო – არა. მისი თქმით, სინგაპურში 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის „ტიკტოკი“ ხელმისაწვდომი არ არის. ჩიუს მტკიცებით, აპლიკაციის საბავშვო ვერსია ხელმისაწვდომია აშშ-ში და მისი შვილები ამერიკაში რომ ცხოვრობდნენ, „ტიკტოკის“ გამოყენების უფლებას აუცილებლად მისცემდა.

ბოლო მონაცემებით, TikTok-ს ყოველთვიურად ერთი მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა Facebook-ის (2.9 მილიარდი), YouTube-ისა (2.2 მილიარდი) და Instagram-ის (1.4 მილიარდი) შემდეგ.

სტატიის წყარო: BBC