კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა
კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა

კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელის, „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, კანადის ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება როგორც უსაფრთხოებისა და დაცულობის, ისე გამოხატვის თავისუფლების საკითხებს.

„ეს შესაძლოა, იყოს პირველი ნაბიჯი. ასევე შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გვჭირდება. თუმცა, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ემსახურება კანადელების უსაფრთხოების შენარჩუნებას“, – აღნიშნა ტრიუდომ „ტიკტოკის“ აპლიკაციის გამოყენების შეზღუდვის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ, უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა. დეკემბერში კი ჩინეთის მხრიდან ჯაშუშობის საფრთხის გამო აშშ-ის მთავრობამ ფედერალური უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივ მოწყობილობებზე „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.