ტრადიციის მიხედვით, ოლიმპიური ჩემპიონები ოქროს მედლებს კბილით სინჯავენ. ამ ტრადიციას ისტორიული საწყისი აქვს.
მრავალი წლის წინ, მედლებს კბილით სინჯავდნენ არა მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონები, არამედ სხვა სპორტული ღონისძიებების გამარჯვებულებიც. ამ ჟესტის მიზანი იყო ძვირფასი მეტალის ნამდვილობის შემოწმება.
თეორიის მიხედვით, სუფთა ოქრო რბილი და მოქნილი მეტალია. კბილით მოსინჯვის შემდეგ, თუ მედალზე ჩაღრმავება გაჩნდება, ნიშნავს, რომ ოქრო ნამდვილია, თუ მედალი სუფთა ოქრო არ არის, მას შეუძლია, სპორტსმენის კბილიც კი დააზიანოს.
სპორტსმენები ამ ტრადიციას დღემდე ინერციით აგრძელებენ და შეიძლება ითქვას, რომ სპორტული ჩემპიონატების დაჯილდოებაზე ეს ეპიზოდი ფოტოგრაფების საყვარელი ეტაპია.
ისტორიული წარსული
პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წელს ჩატარდა. იმ დროს პირველ ადგილზე გასულს ვერცხლის, ხოლო მეორეადგილოსანს ბრინჯაოს მედალი გადაეცემოდა. 1900 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებულები თასებით ჯილდოვდებოდნენ. ოქროს მედლების გადაცემის ტრადიცია სათავეს იღებს 1904 წლის ოლიმპიური თამაშებიდან.
მყარი ოქროს მედლებით სპორტსმენები ბოლოს 1912 წლის სტოკჰოლმის ზაფხულის ოლიმპიადაზე დაასაჩუქრეს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ოქრო ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა, მედლებში ოქროს შემცველობა შემცირდა. დღესდღეობით ოქროს მედლებში მხოლოდ 6 გრამი ოქროა.
როგორ დამზადდა მედლები ტოკიო 2020-ისთვის
ტოკიოს ოლიმპიადისთვის მედლების შექმნის კონკურსში 400 პროფესიონალი დიზაინერი და სტუდენტი მუშაობდა. მედლები თავისი დიზაინით გამოხატავს მრავალფეროვნებასა და დაუღალავი შრომისადმი პატივისცემას.
რა ღირებულება აქვს ოლიმპიურ მედლებს
ოქროს მედლების ღირებულება შეადგენს 830 დოლარს. ვერცხლის მედლები შეფასებულია 445 დოლარად, ხოლო ბრინჯაოს ფასი 2-2.50 დოლარია.
რისგან მზადდება ოლიმპიური მედლები
ოქროს მედლების შემადგენლობაშია ექვსი გრამი ოქრო, ხოლო მისი დიდი ნაწილი ვერცხლს შეიცავს. ვერცხლის მედლები მთლიანად ვერცხლისგან არის დამზადებული, ხოლო ბრინჯაოს მედლები შეიცავს 95% სპილენძსა და 5% თუთიას.
რამდენს იწონის ოლიმპიური მედლები
ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლები 556 გრამს იწონის, ვერცხლის – 550-ს, ხოლო ბრინჯაო – 450 გრამს.